Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სავალუტო ბაზრების მიმოხილვა

59b635fa8aa05
შოთა დიღმელაშვილი
11.09.17 11:05
1061
დოლარის ინდექსი გასულ კვირას 1.55%-ით დაეცა. ამხელა ვარდნა ერთი კვირის განმავლობაში ივნისის შემდეგ არ მომხდარა.

თავისი როლი შეასრულა დაძაბულობამ ჩრდილოეთ კორეასთან და სამხრეთაღმოსავლეთ სანაპიროზე ქარიშხლების ეკონომიკურმა გავლენამ.

აგრეთვე მნიშვნელოვანი იყო ეჭვები, რომელიც ვაშინგტონის პოლიტიკურ მორევში დაიბადა. შეთანხმება რომ სახელმწიფო ვალის ჭერის შესახებ დეკემბრამდე გადაიდოს და ის ფაქტი, რომ დეკემბერშივეა დანიშნული ფედერალური სარეზერვო ბანკის პოლიტიკის განმსაზღვრელი შეხვედრა ამცირებს შანსს, რომ ამერიკის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთს აწევს, რაც დოლარს გააძვირებდა და შესაბამისად, გაამყარებდა.

იაპონური იენის მიმართ ამერიკული დოლარი 10 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა და ერთი დოლარი 108 იენზე ნაკლები ღირს. გასულ კვირას დოლარმა იენის მიმართ თავისი ფასის 2.2% დაკარგა, რაც 13 თვის განმავლობაში ყველაზე დიდი კლებაა. ხოლო რაც შეეხება ევროს ფასს, იგი დოლარსა და 20 თეთრს აჭარბებს. ასე ძვირი ევრო დოლარისთვის 2015 წლის იანვრიდან არ ყოფილა. მხოლოდ წელს დოლარის ფასი ევროს მიმართ 14%-ით შემცირდა.

ევროს გაძვირებას ხელს უწყობს ევროპის ცენტრალური ბანკის, მარიო დრაგის ხუთშაბათის მინიშნებამ, რომ საშემოდგომოდ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა თავისი მასიური სტიმულირების პროგრამა შეზღუდოს.

შედარებით ნაკლებად დაჩაგრა დოლარი გირვანქა სტერლინგმა, რომლის ფასი დოლარსა და 32 ცენტამდე გაიზარდა. ეს 5 კვირის უმაღლესი მაჩვენებელია ბრიტანული ვალუტისთვის.

ამ კვირაში ინვესტორები ყურადღებით დაელოდებიან ამერიკის ინფლაციის ანგარიშს, რომელიც ხუთშაბათს უნდა გამოქვეყნდეს. აგრეთვე საყურადღებოა მონეტარული პოლიტიკის შესახებ განცხადება, რომელიც ინგლისის ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს.

რაც შეეხება კრიპტოვალუტებს, - ბიტკოინის ფასი კვირას 4000 დოლარს ჩამოსცდა იმ ჭორების საფუძველზე, რომ ჩინეთი აპირებს დახუროს ლოკალური კრიპტოვალუტების გადამცვლელები. შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში ბიტკოინის ფასმა 5000 დოლარს მიაღწია.

ბიტკოინის დაღმასვლას გაყვა ეთერიუმიც და მისი ფასი 288 დოლარზე დაბრუნდა, მას შემდეგ რაც რეკორდულ მაჩვენებელს 395 დოლარს მიაღწია 2 სექტემბერს. სხვა მოწინავე კრიპტოვალუტებიც - ლაიტკოინი, ბიტკოინ ქეში, რიპლი და დეში აგრეთვე გაიაფდა.

მთელი კრიპტოსავალუტო ბაზარი 140 მილიარდი დოლარია, - 20%-ით იაფი, ვიდრე ერთი კვირის წინ, როცა ბაზრის მოცულობა 180 მილიარდ დოლარს აღწევდა.