Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სათიბ-საძოვრების პროექტს მთავრობა გალარების პროგრამიდან აფინანსებს

5970a5ddb6b2f
სალომე მეცხვარიშვილი
20.07.17 17:12
1050
სესხების გალარებისთვის გამოყოფილი თანხებიდან 6 მილიონი სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამისკენ მიემართება. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ მიიღო.

შედეგად, "საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით ფიზიკურ პირებზე უცხოურ ვალუტაში გაცემული საბანკო სესხების ეროვნულ ვალუტაში კონვერტირების ხელშეწყობის ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების 6 000 000 ლარით შემცირების ხარჯზე იზრდება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის ასიგნებები.

სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიან რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრებით იჯარით ისარგებლებენ. იჯარის ვადა 25 წელია. პროგრამაში ჩართულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სათიბებამდე და საძოვრებამდე გზას გაიყვანენ, რასაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და შესაბამისი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ. დადგენილებით, კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 11-ს, რომლებიც დარეგისტრირებულები უნდა იყვნენ მაღალმთიან დასახლებებში.
პროგრამა ორ წელს მოიცავს და მისთვის სახელმწიფოს მხრიდან სულ 6 მილიონი ლარია გამოყოფილი.

გალარების ერთჯერადი პროგრამით  კი დაახლოებით 80 მლნ აშშ დოლარამდე (78 659 017 აშშ დოლარი) 5 617 საბანკო სესხი გალარდა. პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ეროვნული ბანკის მხარდაჭერით განახორციელა, 17 იანვრიდან 17 მარტამდე გაგრძელდა. ორი თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც პროგრამა შეეხოთ, შესაძლებლობა ჰქონდათ ნებისმიერი კომერციული ბანკისთვის მიემართათ და შეღავათიანი პირობებით გაელარებინათ უცხოური ვალუტით დენომინირებული საბანკო სესხი.

მთლიანად გალარების პროგრამისთვის სუბსიდიის სახით დაახლოებით 65 მილიონი იყო გამოყოფილი, თუმცა, გალარებით ბენეფიციარების დაახლოებით 25%-მა ისარგებლა.