Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს რეგიონები ყველაზე მაღალი და დაბალი შემოსავლებით

5a28f451efb7c
BM.GE
07.12.17 11:56
1022
ქრონიკული სიღარიბის დონე საქართველოში, 2013-2016 წლების პანელური მონაცემებით სტაბილურად 4 პროცენტი იყო, რაც 6-7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2009-2011 წლების მაჩვენებლებთან შედარებით. რონდელის ფონდის კვლევის „სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა საქართველოში“ შედეგებით, სიღარიბის მაქსიმალური დონე 2010 წელს დაფიქსირდა, როდესაც მისმა დონემ ქვეყანაში 29 პროცენტი შეადგინა, ხოლო მინიმალური - 2016 წელს - 13.8 პროცენტი.

ამასთან, კვლევის მიხედვით, ქალაქად სიღარიბის დონის შემცირების ტენდენცია 1.3-ჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სოფლად.

კვლევის მიხედვით, მთლიანი სახსრები (ფულადი და არაფულადი სახსრები, სულ) 2016 წელს ერთ სულზე, საშუალოდ, თვეში 329 ლარის დონეზე იყო, მთლიანი შემოსავლები (შემოსავლები, სულ ფულის სესხებისა და დანაზოგების გამოყენების გარეშე) - 293 ლარი თვეში, ხოლო ფულადი შემოსავლებით (ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, სულ) - 267 ლარი.

ერთ სულზე ნომინალური შემოსავლები ქალაქად, როგორც წესი, მაღალია სოფელთან შედარებით. ქალაქად იგი თვეში 331 ლარი იყო, ხოლო სოფლად - 257 ლარი. ამდენად, ქალაქად ერთ სულზე მთლიანი შემოსავლები 30 პროცენტით აღემატება სოფლად ანალოგიურ მაჩვენებელს.

რეგიონების მიხედვით შემოსავლების დონე ყველაზე მაღალია თბილისში - 2016 წლის მონაცემებით ის 379 ლარს შეადგენს ერთ სულზე თვეში.

აჭარასა და გურიაში ერთ სულზე მთლიანი შემოსავლები დაახლოებით 271 ლარი იყო.

სამეგრელოში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში და სვანეთში ერთ სულზე შემოსავლები, 2016 წლის მდგომარეობით, 298 ლარი იყო.

ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ერთ სულზე მთლიანი შემოსავალი 2016 წელს იყო 225 ლარი.

შიდა ქართლში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში 2016 წელს ერთ სულზე ნომინალური მთლიანი შემოსავლები 251 ლარი იყო.

კვლევის მიხედვით, მთლიანი სახსრების ზრდის ტემპი რამდენადმე აღემატება მთლიანი შემოსავლების ზრდის ტემპს, რაც განკარგვად რესურსებში სესხების ზრდად მნიშვნელობაზე მეტყველებს.