Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველო და დიდი ბრიტანეთი თავისუფალი ვაჭრობის შენარჩუნებისთვის მუშაობას იწყებენ

59df5a22e9e80
BM.GE
12.10.17 16:02
975
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიასთან მთავარ მომლაპარაკებელ სარა კროფტთან.

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის (ბრექსიტის) პროცესიდან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთისთვის წარმოიშვა საჭიროება, ევროკავშირის მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებები გადატანილ იქნას ორმხრივ ფორმატში, მათ შორის განსაკუთრებით აქტუალურია პარტნიორ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნება.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ის მეთოდები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ პროცესის უმტკივნეულოდ წარმართვას როგორც საქართველოსთვის, ასევე დიდი ბრიტანეთისთვის. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა, შენარჩუნდეს ორმხრივი ურთიერთობის ის დონე, რომელიც განსაზღვრულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით, მათ შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ ნაწილით. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი ამ ტიპის კონსულტაციების გამართვას რეგიონის სხვა ქვეყნებთანაც აპირებს, საქართველოში მთავარი მომლაპარაკებლის ვიზიტიც ამ პროცესის ნაწილია.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნების მიზნით მხარეთა შორის ტექნიკური კონსულტაციები დაიწყება.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის 23-24 ოქტომბერს ლონდონში ტარდება ქართულ-ბრიტანული პოლიტიკური ფორმატის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ რიგით მეოთხე შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც გაგრძელდება ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებასთან დაკავშირებით დაწყებული დიალოგი.