Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სამოქალაქო დავების ეფექტიანად მოგვარებისთვის მედიაციის შესახებ კანონი იქმნება

59381b830be4d
BM.GE
07.06.17 19:26
1050
სამოქალაქო დავების სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებისთვის მედიაციის შესახებ კანონი იქმნება. დღეისათვის, ცალკე კანონი მედიაციის შესახებ არ არსებობს და ამ ინსტიტუტს მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რამდენიმე მუხლი არეგულირებს.

კანონი მედიაციის შესახებ მედიაციის წახალისებისა და მისთვის პირობების შესაქმნელად მომზადდა და ის განსაზღვრავს მედიაციის წარმოების ზოგად პრინციპებს; მისი დაწყების, წარმართვისა და დასრულების წესებს; მედიატორთა პროფესიული გაერთიანების ორგანიზებისა და საქმიანობის წესს; მედიატორის უფლებამოსილებებსა და მედიაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებები შედის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსშიც. მისი მიზანი მედიაციის წახალისების პროცესში სასამართლოს როლის გაძლიერებაა. შემოთავაზებული ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, თუკი მხარეები უარს ამბობენ მედიაციაზე და საქმის სასამართლო გადაწყვეტაზე აკეთებენ არჩევანს, მოსამართლეს შეუძლია, გამოარკვიოს მედიაციაზე უარის თქმის მიზეზები და განუმარტოს მათ მედიაციის დადებითი ასპექტები, უპირატესობები, მედიაციის წარმატებით დასრულების სამართლებრივი შედეგები და მისი აღსრულების მექანიზმები.

„გარდა სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულებისა, მედიაციის განვითარება მნიშვნელოვნად განტვირთავს სასამართლოებს და დაზოგავს სახელმწიფო სახსრებს, რომლებიც საჭიროა როგორც მოსამართლეთა კორპუსის გასაზრდელად, ისე ყოველი სასამართლო პროცესის სრულად ჩასატარებლად.

საკანონმდებლო პაკეტი იუსტიციის სამინისტრომ ევროკავშირის პროექტისა (EU4Justice) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის, „USAID/PROLoG“-ისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჩართულობით შეიმუშავა. მომზადებული კანონპროექტები სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო უწყებებს, ქვეყანაში მოქმედ მედიატორთა ასოციაციებს, ამ სფეროში მომუშავე სხვა ინსტიტუტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის მიღწეული ფართო კონსენსუსის შედეგია”, - განმარტავენ იუსტიციის სამინისტროში.