Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სამინისტრო ხორბლისა და ქერის მოსავლის მატებას არ ელოდება

5970b9117cb00
BM.GE
20.07.17 18:06
893
სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს ხორბლისა და ქერის დაახლოებით ისეთივე მოსავალს ელოდება, როგორიც გასულ წელს იყო. სოფლის მეურნეობის სამინისტრის ინფორმაციით, 2016 წელს ხორბლის მოსავალმა 315130.0 ტონა, ხოლო ქერის მოსავალმა 131754.0 ტონა შეადგინა.

ხორბლისა და ქერის აღება წელს პირველად კახეთის რეგიონიდან დაიწყო. როგორც ,,საქმის კურსთან’’ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, ოპერატიული ინფორმაციით კახეთის რეგიონში 16 ათას ჰექტარ ტერიტორიაზე 45 ათასი ტონა ქერის მოსავალი უკვე აიღეს, ხოლო ხორბლის მოსავლის მაჩვენებელი 40 ათას ჰექტარ ტერიტორიაზე 190 000 ტონას შეადგენს. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ხორბლის აღების პროცესი ჯერ არ დაწყებულა. რაც შეეხება ქერს, შალვა კერესელიძის განმარტებით, 120 ჰექტარზე უკვე აღებულია 2500-3000 ტონა მოსავალი.

ხორბლის აღება არ დაწყებულა შიდა ქართლშიც. რაც შეეხება ქვემო ქართლს, 2000 ჰექტარ ტერიტორიაზე უკვე აღებულია 29 ტონა ხორბალი, 1300 ჰექტარზე კი 7500 ტონა ქერი.

ხორბლის და ქერის მოსავლის აღება არ დაწყებულა სამცხე-ჯავახეთში. როგორც კერესელიძე აცხადებს, აღნიშნულ რეგიონში მოსავლის აღების პროცესი აგვისტოში დაიწყება. მთელი საქართველოს მასშტაბით ხორბლისა და ქერის მოსავალს კი აგვისტოს ბოლოს დაითვლიან.