Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სამინისტრო ენერგეტიკაში FDI-ის შემცირების მიზეზებს განმარტავს

59b8fdb2affb8
დავით ჯალაღონია
13.09.17 13:41
1017
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე თორნიკე რიჟვაძე ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებულ მაჩვენებელს, რომელიც მიმდინარე წლის ორი კვარტლის მიხედვით "საქსტატმა“ გამოაქვეყნა, დარგის სპეციფიურობით ხსნის. 2017 წლის პირველ ექვს თვეში ენერგეტიკაში 25.9 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (75.1 აშშ დოლარი) დაახლოებით სამჯერ ჩამორჩება.

"დიდი პროექტები რაც იყო - "შუახევი ჰესი“, "დარიალი ჰესი", ასევე "ხელვაჩაური ჰესი", უკვე შევიდა ექსპლოატაციაში და შესაბამისად, სტატისტიკურ დათვლაში ვეღარ ხვება ის ინვესტიციები, რომლებიც უკვე განხორციელდა, მაგრამ ამავდროულად, საკმაოდ აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს და დასრულების ფაზაზე ვართ ახალ, ძალიან მასშტაბურ პროექტებთან დაკავშირებით, რომელთა სამშენებლო ფაზაზე გადასვლით გაუმჯობესებულ მონაცემებს მივიღებთ“, - განმარტა თორნიკე რიჟვაძემ "საქმის კურსთან“ საუბრისას.

იმ მსხვილი პროექტების ჩამონათვალში, რომელთა ინვესტორებმა უახლოეს პერიოდში თანხა უნდა დახარჯონ, მინისტრის მოადგილე "ნენსკრა ჰესს“ ასახელებს.

"შეიძლება ისე იყოს, რომ ერთ რომელიმე კვარტალში დანადგარების დაკვეთა, სამოქალაქო სტრუქტურების აქტიური მშენებლობა მოხდეს და შესაბამისად, ის დაფინანსების წყარო, რაც ამათ აქვთ და ეს ძირითადად არის კაპიტალი, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან, ასევე ინვესტორების წილობრივი კაპიტალი, სწორედ იმ კონკრეტულ კვარტალში იქნას შემოდინებული. ამიტომ უფრო მიზანშეწონილი და სწორი იქნება, კონსოლიდირებულად მთლიანი წლის ჭრილში იქნას განხილული ინვესტიციების შემოდინება ენერგეტიკის სექტორში“, - მიიჩნევს თორნიკე რიჟვაძე.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომელიც ახალაშენებულ ჰიდროელექტროსადგურებთან გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების ახალი პირობებით დადებას გულისხმობს, მინისტრის მოადგილე ინვესტორებისთვის დაბრკოლებად არ მიიჩნევს და განმარტავს, რომ დარგში კერძო სექტორთან ურთიერთობის განახლებული მიდგომები სამინისტრომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებით შეიმუშავა.

"ჩვენ გავითვალისწინეთ ის რეკომენდაციები, რაც უკავშირდებოდა ქვეყნის ფისკალურ რისკებს და აქ ძირითადად საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები იყო, რომელთა საფუძველზე იქნა დადგენილი ის პირობები, რაც მოქმედებს გარანტირებული შესყიდვების ნაწილში. ვფიქრობთ, საინვესტიციო გარემო ამ თვალსაზრისით არ გაუარესებულა. ჩვენ საკმაო რაოდენობით გვაქვს უკვე გაფორმებული ასეთი ტიპის ხელშეკრულებები და მიგვაჩნია, რომ შემდეგი ორი წლის განმავლობაში მოხდება დაახლოებით იმავე მოცულობით სადგურების მშენებლობა, დადგმული სიმძლავრის თვალსაზრისით, რაც გასული სამი წლის განმავლობაში აშენდა. ინვესტიციის კუთხით ეს დაახლოებით 2 მილიარდ დოლარამდე იქნება", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ ახალი ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ვალდებულებას სახელმწიფო წელიწადში არა თორმეტი, არამედ რვა თვის განმავლობაში იღებს.