Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საკონსტიტუციომ "ჯორჯიან მანგანეზის" სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

5a2904b581747
სალომე მეცხვარიშვილი
07.12.17 13:00
980
საკონსტიტუციო სასამართლომ "ჯორჯიან მანგანეზის" სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადება. ამ მუხლის მიხედვით, სასამართლოს მიერ დაკისრებული ზარალის ანაზღაურებისთვის დაჯარიმებულ მხარეს ეძლეოდა 7 დღე.

"ჯორჯიან მანგანეზი" საკონსტიტუციო სარჩელში მიუთითებდა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადა – 7 დღე, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხების მობილიზებისთვის არაგონივრულად მცირე დროა. ამასთანავე, სადავო ნორმა ცალკე არ ითვალისწინებდა ზარალის ანაზღაურების შესახებ მიღებული განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას.

საკონსტიტუციო სასამართლომ კი მიიჩნია:

"მოსარჩელეს უნდა მიეცეს რეალური და არა ფორმალური შესაძლებლობა განახორციელოს მოსალოდნელის ზარალის უზრუნველსაყოფად განსაზღვრული სამართლებრივი მოქმედება, შეასრულოს სასამართლოს განჩინება და ამ გზით შეინარჩუნოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ უშვებს კანონით განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესაძლებლობას, შესაბამისად, თუ მოსარჩელე ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლებს 7 დღის ვადაში მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფას, გაუქმდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

რიგ შემთხვევებში, მხარეს შეიძლება ჰქონდეს ზარალის უზრუნველყოფის საშუალება კანონით განსაზღვრულ 7 დღეში, თუმცა, სხვა შემთხვევებში შესაძლოა არსებობდეს ვითარება, როდესაც საჭირო იყოს უფრო მეტი ან ნაკლები ვადის დაწესება. მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ იურიდიული პირის შემთხვევაში, სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს მისი მართვის ორგანოების მიერ ფინანსური რესურსების განკარგვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, რომლის განხორციელებასაც რეალურად სჭირდებოდეს გარკვეული, ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით დადგენილი დრო",- ნათქვამია საკონსტიტუციოს განცხადებაში.

"ჯორჯიან მანგანეზმა" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ 2016 წელს შეიტანა. ამის მიზეზი გახდა "ჯორჯიან მანგანეზის" ერთ-ერთი სასამართლო დავა, რომლის შედეგადაც კომპანიას ჯარიმის სახით 5 047 936 ლარი დაეკისრა და ეს თანხა 7 დღეში უნდა გადაეხადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადება ძალადაკარგულად გამოცხადდება 2018 წლის 31 მარტიდან.