Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საერთაშორისო გამჭვირვალობა: კონკურსის წესით სახელმწიფო შესყიდვები კვლავ დაბალკონკურენტულია

572ae46b56e7c
BM.GE
05.05.16 10:11
1393
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ტენდერებთან დაკავშირებული ცვლილებები შეაფასა და 2015 წლის ივლისიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში კონკურსის წესით სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლენილი ტენდენციები შეისწავლა.
 
2015 წლის ივლისიდან 2016 წლის მარტამდე მთლიანობაში 104 კონკურსი გამოცხადდა, შედეგად კი სახელმწიფო უწყებებსა და კომპანიებს შორის 3.9 მლნ ლარის ღირებულების 37 ხელშეკრულება გაფორმდა. კონკურსების ჯამურ ღირებულებასა და ხელშეკრულებების ღირებულებას შორის სხვაობა 4 მილიონი ლარია, რაც ნიშნავს, რომ კონკურსების შედეგად, სახელმწიფო უწყებებმა რვა თვის განმავლობაში თითქმის 4 მლნ ლარი დაზოგეს, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია დაბალი იყო. როგორც არასამთავრობოში განმარტავენ, კონკურსები გამჭვირვალედ მიმდინარეობდა და გამოქვეყნებული დოკუმენტების ანალიზის შედეგად რაიმე სახის კანონდარღვევა არ ფიქსირდება.

ყველაზე მსხვილი შემსყიდველები და მიმწოდებლები

ყველაზე ხშირად კონკურსს, როგორც შესყიდვის საშუალებას ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი მიმართავს. ამის მიზეზი ბუნებრივია ისაა, რომ ფონდის საქმიანობა მოიცავს შესყიდვის იმ კატეგორიებს (არქიტექტურული და საინჟინრო საქმეები), რომლებზეც შესყიდვა კონკურსის წესით ხდება. ამ უწყებაზე კონკურსების მთლიანი ღირებულების 82% (3.2 მლნ ლარი) მოდის. 150 000 ლარზე მეტის ღირებულების რვა ხელშეკრულება აქვს გაფორმებული იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს კი 400,000 ლარის ღირებულების ერთი ხელშეკრულება. შედარებით უფრო მცირე ღირებულების ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული 10-ზე მეტ სახელმწიფო დაწესებულებას.

კონკურსებზე დახარჯული თანხების ნახევარზე მეტი ერთ კომპანიაზე შპს „სტუდია 21”-ზე მოდის, რომელმაც ჯამში 1.8 მლნ ლარის ღირებულების ორი კონკურსი მოიგო. ყველა სხვა კომპანიის ჯამური შემოსავლები ნახევარ მილიონ ლარზე ნაკლებია.

დაბალი კონკურენცია კონკურსებში და ცვლილებები ხელშეკრულებებში

104 გამოცხადებული კონკურსიდან თითქმის ნახევარში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო, 38 კონკურსს კი მხოლოდ ერთი მონაწილე ჰყავდა. ჯამში ხელშეკრულებები 31 სხვადასხვა კომპანიასთან გაფორმდა.

12 ხელშეკრულებაში გაფორმების შემდეგ სხვადასხვა სახის ცვლილებები შევიდა. საყურადღებოა შპს „ვოლ”-სა და სსიპ 112-ს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც გაუქმდა, რადგან სამუშოების შესრულება ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის კაბელების აღმოჩენის გამო ვერ მოხერხდა. მსგავსი შემთხვევები მიუთითებენ შესყიდვების დაგეგმვის პროცესში არსებულ ხარვეზებზე, რის შედეგადაც გარკვეული რისკების წინასწარ გათვლა ვერ ხერხდება.