Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საბადოს დამუშავების წესში ცვლილებები შედის

598d924954ce1
BM.GE
11.08.17 15:15
890
გარემოს დაცვის სამინისტროს საბადოს დამუშავების ტექნიკურ რეგლამენტზე მუშაობს. რეგლამენტის არსებული ვარიანტით, საქმიანობების განმახორციელებლები ვალდებული არიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროში წარადგინონ საბადოს დამუშავების პროექტი, რომელიც შეესაბამება რეგლამენტის მოთხოვნებს და ასახავს საქმიანობის ადგილზე არსებულ მდგომარეობას.

ისეთი მიმდინარე საქმიანობების განმახორციელებლებმა, რომლებიც დაწყებულია 2015 წლის 1 ივნისამდე და არ გააჩნიათ გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, მაგრამ გარემოსდაცვითი შეფასების ახალი კოდექსით საჭიროებენ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას, უნდა მიმართონ სამინისტროს მიმდინარე პროექტის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. სამინისტროსთვის მიმართვის ბოლო ვადაა 2019 წლის 1 ივნისი.

ამასთან, მიმდინარე საქმიანობებისთვის სავალდებულოა ეკოლოგიური აუდიტი. გარემოსდაცვითი შეფასების ახალი კოდექსის თანახმად, ეკოლოგიური აუდიტი არის: მიმდინარე საქმიანობის განხორციელების პროცესში ამ საქმიანობის ტექნიკური, ეკოლოგიური და სოციალური მაჩვენებლების კომპლექსური ანალიზი, რომელიც მოიცავს მთელ საწარმოო-ტექნოლოგიურ ციკლს, ტარდება გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირების საშუალებების დადგენისა და აღნიშნული საქმიანობის გარემოსდაცვით ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით და რომლის შედეგად დგება ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია დაფაროს აუდიტის ხარჯები, რომელიც ტარდება „ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

საქმიანობის განმახორციელებელი ასევე ვალდებულია წარმოადგინოს მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შერბილების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი და ტექნოლოგიური ციკლის სრული სქემა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმიანობა კომერციულ ან/და სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს.

აუდიტის დასრულების შემდეგ, საქმიანობის განმახორციელებელი მოამზადებს საბადოს დამუშავების პროექტს. იგი გამოიყენებს აუდიტის ინფორმაციას არსებული მდგომარეობისა და გაუმჯობესების იმ ღონისძიებების დასახასიათებლად, რომლებიც უნდა განხორციელდეს რეგლამენტით დადგენილი გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების ნორმების შესასრულებლად.