Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

როგორ იცვლება სიღარიბე და შემოსავლები საქართველოში

5a28e71ea470f
BM.GE
07.12.17 11:00
1012
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი) ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით დაასრულა კვლევა თემაზე - ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა საქართველოში.

კვლევამ აჩვენა, რომ 2009-2016 წლებში ოფიციალური საარსებო მინიმუმის მიმართ სიღარიბის დონის მაჩვენებელი საქართველოში შემცირების მკვეთრად გამოხატულ ტენდენციას ავლენდა. კლების ტემპი განსაკუთრებით მაღალი იყო 2013-2014 წლებში. 2015-2016 წლებში სიღარიბის დონის კლება მკვეთრად შენელდა.

კვლევის შედეგებით, ქრონიკული სიღარიბის დონე საქართველოში, 2013-2016 წლების პანელური მონაცემებით სტაბილურად 4 პროცენტი იყო, რაც 6-7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2009-2011 წლების მაჩვენებლებთან შედარებით. ამასთან, ქრონიკული სიღარიბის დონე სოფლად უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქად, თუმცა ეს განსხვავება არ არის ისეთი არსებითი, როგორც სიღარიბის საერთო დონის შემთხვევაში. ქრონიკული სიღარიბის დონე განსაკუთრებით მაღალია (8-9%) შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში.

კვლევაში გაანალიზებულია შემოსავლების უთანაბრობის ე.წ. დეცილური კოეფიციენტები. მკვეთრი კლების მიუხედავად, შინამურნეობების ყველაზე მაღალშემოსავლიანი 5%-ის მთლიანი შემოსავალი 2013-2016 წლებში საშუალოდ 27-ჯერ აღემატებოდა შინამეურნეობების ყველაზე დაბალშემოსავლიანი 5%-ის საშუალო მთლიან შემოსავალს.

კვლევამ აჩვენა, რომ ერთ სულზე შემოსავლების მიხედვით ყველაზე მეტად უთანაბრო ფულადი შემოსავლების განაწილება იყო. აქაც, მკვეთრი კლების მიუხედავად, ყველაზე მაღალშემოსავლიან ჯგუფში ერთ სულზე ფულადი შემოსავალი 2013-2016 წლებში საშუალოდ 32-ჯერ აღემატებოდა ყველაზე დაბალშემოსავლიან ჯგუფში ერთ სულზე ფულად შემოსავალს.

კვლევაში მოცემულია მთლიანი შემოსავლების უთანაბრობის ჯინის ინდექსის დინამიკა, რომელიც აჩვენებს, რომ 2015-2016 წლებში ჯინის ინდექსი სოფლად საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო 2016 წელს შემოსავლების უთანაბრობა გაიზარდა ქალაქადაც.

კვლევაში წრფივი რეგრესიული ანალიზის მეთოდით შეფასებულია შემოსავლების უთანაბრობის გავლენა სიღარიბის დონეზე. 2009-2016 წლების წლიური მონაცემებით, ჯინის ინდექსის ერთეულით ცვლილება 3.8 ჯერადად აისახებოდა სიღარიბის დონეში. ქალაქად ეს მაჩვენებელი 2.7-ის, ხოლო სოფლად 4.3-ის ტოლია. ეს იმას ნიშნავს, რომ სოფლად უთანაბრობის სიღარიბეზე ზეგავლენა 1.5-ჯერ ძლიერია.

კვლევაში შესწავლილია უმუშევრობის გავლენა სიღარიბეზე. შინამეურნეობაში უმუშევარი ერთი მაინც წევრის არსებობა დაახლოებით 50 პროცენტით ზრდის სიღარიბის ზღვარს მიღმა მოხვედრის რისკს. ბოლო ორი პანელის მონაცემებით, ქრონიკულ სიღარიბეში ყოფნის რისკი ამ შემთხვევაში, ჩვეულებრივზე 75 პროცენტით მეტია.

რაც შეეხება დასაქმების გავლენას სიღარიბეზე, შინამეურნეობაში ერთი მაინც დასაქმებული წევრის არარსებობა დაახლოებით 2-ჯერ ზრდის სიღარიბის ზღვარს მიღმა მოხვედრის რისკს და 2-ჯერ და მეტად - ქრონიკულ სიღარიბეში მოხვედრის რისკს.

კვლევამ აჩვენა, რომ საკვლევ პერიოდში მისამართული სოციალური დახმარების მეშვეობით სიღარიბის დონე საშუალოდ 2-3 პროცენტული პუნქტით მცირდებოდა. კიდევ უფრო ძლიერია სიღარიბის დონეზე პენსიის გავლენა, რომლის გარეშეც სიღარიბის დონე ქვეყანაში 2.5-ჯერ მაღალი იქნებოდა.