Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ ვერ აწვდის ბიზნესი ჯარს ქართულ პროდუქციას - "ჩირინას" ბრალდება

5970608caea04
სალომე მეცხვარიშვილი
20.07.17 11:55
1160
ქათმის ხორცის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი „ჩირინა“ თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას კორუფციაში ადანაშაულებს. კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ "საქმიან დილაში" განაცხადა, რომ ქართული ჯარის კვებითი უზრუნველყოფისთვის კონკრეტულ კომპანიებზე მორგებული ტენდერები ცხადდება.

მისი განმარტებით, "ბიუბიუს" პროდუქტი კონკურენტუნარიანია არამარტო საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც. ამიტომ ვაშაკიძის თქმით, თავადაც ჰქონდა მცდელობა მიეწოდებინა ქართული ჯარისთვის ქართული პროდუქტი, მაგრამ ვერ მოახერხა.

ბიზნესმენის მტკიცებით, შესაბამისი უწყებები სატენდერო დოკუმენტაციაში დებენ ისეთ პირობებს, მაგალითად, როგორიცაა ქათმის ხორცის მიწოდება ხახვთან ან კარტოფილთან ერთად, რაც მორგებულია კონკურეტულ კომპანიებზე.

"ტენდერები, ჩემი აზრით, მორგებულია და ალბათ კორუფციაც არსებობს, რადგანაც ამის შესყიდვა ხდება საზღვარგარეთ. იქ ვინ რას იხდის, როგორ იხდის, ამის კონტროლი შეუძლებელია.

ჩვენი წარმოება მსოფლიოში ერთ-ერთი თანამედროვეა, მაგრამ ჩვენთან მაინც არ ყიდულობენ, მიდიან და სხვაგან ყიდულობენ. მე არ ვარ პროკურატურა, რომ გამოვიძიო“,- აცხადებს "ჩირინას" ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, ხელისუფლებას დარგის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების ინტერესი არ აქვს.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავაუქმებდი და ეკონომიკის სამინისტროსაც გავაუქმებდი. როდესაც დაახლოებით 200-300 კაცი ზის ამ სამინისტროებში, იგონებენ რღაცებს, ეს კი იწვევს არა განვითარებას, არამედ სტაგნაციას",- ამბობს ბიზნესმენი.

შეგახსენებთ, ქართულ ჯარში ქართული წარმოების საქონლის ხორცს უკრაინული ჩაანაცვლებს.