Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რას გულისხმობს საგადასახადო ცვლილებები - კანონპროექტის დეტალები

5a902dbb6df1b
BM.GE
23.02.18 19:02
928
საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის მიხედვით, 2018 წლის ივლისიდან იცვლება მცირე ბიზნესის დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი 5%-ის ნაცვლად დაიბეგრება 1 %-იანი განაკვეთით. ამასთან, 100000 ლარიდან 500000 ლარამდე იზრდება მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავლის შეზღუდვის ნორმა.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის  მიხედვით, კანონპროექტის შემუშავების მიზეზია მცირე ბიზნესის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების, ორგანიზაციების მოგების გადასახადით დაბეგვრის მექანიზმების ცვლილების, ცალკეულ დასაბეგრ ოპერაციებზე საგადასახადო შეღავათების დაწესების, აგრეთვე გადასახადის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ნორმის დაზუსტების აუცილებლობა.

შენარჩუნდება საქონლის აღრიცხვისთვის სპეციალური ჟურნალის წარმოების ვალდებულება. არავითარი სხვა ბუღალტრული აღრიცხვის ვალდებულება მცირე ბიზნესს არ ექნება.

მცირე ბიზნესს ექნება ვალდებულება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენოს სასაქონლო ზედნადები, ასევე შენარჩუნდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება.

პროექტის შესაბამისად, იცვლება მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების პირობები. სტატუსი არ გაუუქმდება პირს, თუ მისი ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის მიხედვით, მცირე ბიზნესის საქმიანობის ნაწილში არ გადააჭარბებს 500 000 ლარს. ასევე, მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველი აღარ იქნება მისი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტი.

პროექტის შესაბამისად მცირე ბიზნესს ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბებისას სტატუსი გაუქმებულად ჩაეთვლება, გადაჭარბების თვის დასაწყისიდან, კალენდარული წლის დანარჩენ არასრულ პერიოდზე კი დაიბეგრება საერთო წესით.

ამასთან, პირი უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსი მიიღოს სტატუსის გაუქმების წლის მომდევნო წელს, თუ იგი აღნიშნული მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს მიმართავს სტატუსის გაუქმების წლის დასრულებამდე.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, უქმდება გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური ნორმები. ამასთან, ამ კანონპროექტის ამოქმედებამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-ით დაბეგვრის საკითხის დარეგულირების მიზნით, შესაბამისი ცვლილება შედის კოდექსის გარდამავალ დებულებებში.
მოგების გადასახადით საწარმოთა დაბეგვრის 2017 წლიდან მოქმედი მოდელი არ შეეხო ბანკებს, საკრედიტო კავშირებს, სადაზღვევო ორგანიზაციებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ლომბარდებს.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით ხსენებული კატეგორიის გადასახადის გადამხდელების მოგების გადასახადით დაბეგვრისთვის 2023 წლის 1 იანვრამდე შენარჩუნდება მოგების გადასახადით დაბეგვრის 2017 წლამდე მოქმედი მოდელი და მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი კვლავ იქნება სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
ორგანიზაციების მოგების გადასახადით დაბეგვრის რეგულაციის ცვლილება, წინა წლების მონაცემების გათვალისწინებით, 2019 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს შეამცირებს დაახლოებით 30 მილიონი ლარით.

მცირე ბიზნესის ნაწილში განსახორციელებელი ცვლილებების გამო (ამ ტიპის მეწარმეების წინა წლების გადახდების გათვალისწინებით) გადასახადების სახით მისაღები წლიური შემოსავალი შემცირდება დაახლოებით 40 მლნ. ლარით.