Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა იგეგმება 26 მაისს - ღონისძიებები თბილისსა და თვითმმართველ ქალაქებში გაიმართება

5923ee9a6f9f2
თათია ჩაფიჩაძე
23.05.17 12:33
944
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი წლევანდელი საზეიმო ღონისძიებები "ვეფხისტყაოსნის" თემატიკით იქნება დატვირთული. როგორც ბოლო მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკვე დააანონსა, წელს შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ლოზუნგით - "მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ", ღონისძიებები თბილისში და მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება.

სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები რუსთაველის გამზირზე 11 საათიდან იწყება. გაიმართება საბავშვო კონცერტები და ასევე მთელი დღის განმავლობაში იქნება ვიქტორინები "ვეფხისტყაოსნიდან". 

ტრადიციულად წელსაც თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, ხოლო დღის 12 საათზე ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.
11:00 საათიდან 21:00 საათამდე რუსთაველის გამზირზე - ტექნოპარკის სივრცეში წარმოდგენილები იქნებიან სტარტაპერები, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებს შეასრულებენ თემატურად "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით.

ასევე მოეწყობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დეკორაციები და 80-მდე მეწარმის, ასევე კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

საზეიმო ღონისძიებები თბილისში, ვარდების მოედანზე 21:00 საათზე გალა კონცერტით დასრულდება.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისის გარდა ყველა თვითმმართველ ქალაქში გაიმართება. თითოეულ ქალაქში იქნება სამხედრო ტექნიკის გამოფენა, დასკვნითი კონცერტი და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ორგანიზებული საბავშვო, გასართობი, სპორტული ღონისძიებები.

გარდა ამისა, სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს მოაწყობენ სამინისტროები, მაგ.მცხეთაში სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ქართველი მეწარმეების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას, ხოლო გორში ევროინტეგრაციის სამინისტრო - უვიზო მიმოსვლის სიმულაციურ სივრცეს მოაწყობს.

ამასთან აღსანიშნავია, რომ რაბათის ციხეში 15:00 საათზე შოთა რუსთაველის XII საუკუნის პერიოდის გაცოცხლების ცერემონიალი გაიმართება.