Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ხშირად ბიზნესს მონათმფლობელობის ნოსტალგიები აქვს, დასაქმებულებს კი ბოლშევიკური მიმართულების"

56d978daec5d5
BM.GE
06.03.16 12:22
1289
"ხშირად ბიზნესს მონათმფლობელობის ნოსტალგიები აქვს, დასაქმებულებს კი ბოლშევიკური მიმართულებების", - აღნიშნულის შესახებ, გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. მისი თქმით, მთავრობამ ისეთი რეგულაციები უნდა შემოიღოს, რომელიც დასაქმებულებისა და დამსაქმებლების პრობლემებს მოაგვარებს. მაგალითად პეტრიაშვილს ზეტაფონსა და ჭიათურაში არსებული სიტუაცია მოჰყავს და ამბობს, რომ მთავრობამ ქართულ პროდუქტს მაქსიმალური რეკლამირება უნდა გაუწიოს, იმისთვის რომ იმპორტირებული ჩანაცვლდეს.
 
"წლების წინ საქართველოში დამკვიდრდა ის, რომ მთავრობა ბიზნესს ეუბნებოდა - მოდი მე შენ “გაგპარსავ“, სამაგიეროდ შენ ყველაფრის უფლებას გაძლევ. საერთაშორისო ნორმებიდან, ქვეყნის ვალდებულებებიდან ყველაფერი ამოგდებული იყო. არანაირი ნორმები, სტანდარტები არ იყო. შუა საუკუნეებში გადავდივართ და რაც გინდათ, ის ქენითო, - ასე გამოვიდა. ახლა მთავრობა ბიზნესს ეუბნება, რომ თქვენ ისე იმოქმედეთ, როგორც გინდათ და ჩვენ გვიკარნახეთ რა გავაკეთოთო. პრემიერი, როდესაც ამას ეუბნება ბიზნესს, მათ შორის იგულისხმება დასაქმებულებმა რა გააკეთონ ეგეც თქვენ გვიკარნახეთო. რეალურად კი დასაქმებულებს აბსოლუტურად სხვა ინტერესები და მოლოდინები აქვთ. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის დავიწყებული ბოლშევიკური, საზიზღარი ლოზუნგები და გამოწვევები. ჩვენი რეცეპტია ის, რომ დამსაქმებელი და დასაქმებული მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იჯდეს და სხვადსხვა რეგულაციებს ერთად ქმნიდეს და ერთმანეთის პრობლემებს უნდა ითვალისწინებდეს. ჩვენ და ბიზნესს სხვადასხვა სავალი გზები გვაქვს, მაგრამ მიზანი - ერთი და მთავრობამ ოქროს შუალედი უნდა ეძებოს მუდმივად, რომ დასაქმებული ადამიანების უფლებაც არ დაირღვეს, მონობაში არ გადავიდეს და ამავე დროს, ბიზნესი არ გაკოტრდეს.

ხშირად ბიზნესს მონათმფლობელობასთან აქვს გარკვეული ნოსტალგიები, დასაქმებულებს კი ბოლშევიკურ მიმართულებებთან. ორ უკიდურესობაში ვართ და მთავრობა სამწუხაროდ, არაფერს აკეთებს უბრალოდ დეკლარირებულად ეს ყველაფერი თაროზე შემოდებულია.

მე და ბიზნესომბუდსმენი სხვადასხვა პოლუსზე დავრჩებით მუდამ, მაგრამ სიტუაცია უკიდურესობის ზღვარზეა მისული. ჭკვიანი ადამიანი პრევენციას მოახდენდა, მთავრობა ამაზე კანონს დაწერდა, ისევ და ისევ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარე რეგულაციას შეადგენდა. ჩვენს ქვეყანაში კოლექტიური ხელშეკრულებების თემა იგნორირებულია. ხომ შეიძლება, რომ ეს ვალდებულებები - ბიზნესი რაზე მოქმედებს და დასაქმებული ადამიანი რაზე, რეაგირებს თავშივე იყოს გაწერილი. მითუმეტეს, რომ ჩვენ ეს დეკლარირებულ კანონმდებლობაში გვიწერია და ამის ვალდებულებებიც გვაქვს აღებული“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.