Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ვმუშაობთ, რომ ერთ ჰოლდინგს ბანკის და სხვა ბიზნესების ერთდროულად ფლობა აეკრძალოს, ან მინიმუმ წილობრივად შეეზღუდოს"

58f1de54458a8
BM.GE
15.04.17 14:00
1098
საბანკო სექტორიდან არაპროფილური ბიზნესის გამიჯვნასთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიცირებას პარლამენტი მაისში გეგმავს. თემაზე გადაცემაში "საქმის კურსი“ აღნიშნული კანონპრექტის ავტორი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია საუბრობს.

- ბატონო ილია, არის თუ არა ცნობილი რა დებულებები ჩაიწერება კანონპროექტში და რა არის ახალი, ამ პერიოდის განმავლობაში კონსულტაციები ვისთან გქონდათ?

- კანონპროექტის მთავარი ამოცანა ის არის, რომ ბიზნესი და ბიზნესის ურთიერთობა ბანკებთან წახალისდეს. ბიზნესებმა ბანკები, როგორც პარტნიორები ისე უნდა აღიქვან. შესაბამისად აქტივობა უფრო გააძლიერონ, მეტი ადამიანი დაასაქმონ და ეკონომიკაში დოვლათი შექმნან. ჩვენ ბოლო 2 თვის განმავლობაში არა ერთხელ გვქონდა კონსულტაციები და უპირველესად, ბიზნეს სექტორთან. ასევე მთავრობასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ეროვნულ ბანკთან და თვითონ ბანკებთანაც. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ბანკები არაპროფილურ აქტივებს არ უნდა ფლობდნენ, მათ შორის, ბანკების უმრავლესობაც აღნიშნულ თემას იზიარებს. აქედან გამომდინარე, კონსულტაციებში ფაქტიურად ბოლოში ვართ გასული.

-მიზანი გასაგებია და რა მექანიზმები შეიძლება ამოქმედდეს, რომ არაპროფილური აქტივების ფლობა შეიზღუდოს. მაშინ ამ იდეას ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი არ ეთანხმებოდა და ხომ არ გქონდათ შეხვედრა მათთან?

- უშუალოდ ბანკების ასოციაციასთან შეხვედრა არ გვქონია, თუმცა ბანკების წარმომადგენლებსა და ხელმძღვანელობას შევხვდით. მათი პოზიცია ვიცით. საკითხს რაც შეეხება, იგი კანონმდებლობის დონეზეა დარეგულირებული და კანონმდებლობის მიზანი, რომ ბანკი არაპროფილურ აქტივებს არ ფლობდეს, ფაქტობრივად შესრულებული არ არის. სწორედ ეს არის ჩვენი მოქმედების და აქტივობის მიზანი, რომ რეალურად კანონი მოქმედებაში მოვიყვანოთ. ჩვენ ისეთ მექანიზმზე ვმუშაობთ, რომ ერთ ჰოლდინგს აეკრძალოს, როგორც ბანკის ასევე სხვა ბიზნესების ფლობა ერთდროულად, ან მინიმუმ წილობრივად შეიზღუდოს. სწორედ ამაზეა საუბარი. ჩვენ უახლოეს პერიოდში შეჯერებული პოზიცია გვექნება, მათ შორის ბანკებთან შეჯერებული პოზიციაც, რადგან ეს საკითხი ძალიან სენსიტიურია და ფრთხილ გადაწყვეტას საჭიროებს. უახლოეს პერიოდში კონსესუსზე მივალთ და შესაბამისად კანონის ინიცირება მოხდება.

- აღნიშნული საკითხის ინიცირება მაისში თუ მოესწრება და პარლამენტის უმრავლესობის მხრიდან თუ გაქვთ მხარდაჭერა?

- კონსესუსი პარლამენტშიც მიღწეულია იმ გაგებით, რომ ეს რეგულაცია რეალურად არსებობს, უბრალოდ ეფექტური არ არის და მიზანს ვერ აღწევს, ვერ ხორციელდება. ჩვენი გუნდის პოზიცია, რომ ბანკები არაპროფილურ აქტივებს არ ფლობდნენ გაჟღერებული და დადასტურებულია. ჩვენ გვინდა ახალი ეფექტური მექანიზმი შევქმნათ, რომელიც ამ ყველაფერს რეალობაში განახორციელებს. ჩემი ვარაუდით, ეს საკითხი მაისის ბოლოსთვის უკვე მზად იქნება და ინიცირებას მოვახდენთ.