Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა 64%-მა სწავლა საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრებით დაასრულა"

5930211919cf0
BM.GE
01.06.17 18:15
1421
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა იმ კურსდამთავრებულების აკადემიური მოსწრების მაჩვენებლები, რომლებმაც აუდიტისთვის შერჩეულ სამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უსდ) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ილიაუნი) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) - მოიპოვეს ბაკალავრის ხარისხი. ანალიზმა გამოავლინა, რომ აღნიშნულ კურსდამთავრებულთა 64%-მა სწავლა საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრების მაჩვენებლით დაასრულა.

აუდიტის ჯგუფმა შეარჩია ის კურსდამთავრებულები, რომლებმაც 2010 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული მაღალი ქულების საფუძველზე მოიპოვეს 50%-იანი ან მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტი და შესაბამისი უსდ 2014 წელს დაამთავრეს. აღნიშნული მონაცემების ანალიზმა გამოავლინა, რომ ასეთი კურსდამთავრებულების საშუალოდ 40%-მა უსდ საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრების მაჩვენებლით დაამთავრა; ლექცია/სემინარებზე სტუდენტების დასწრების ანალიზმა გამოავლინა, რომ დაკვირვების ჩატარების დღეებში შერჩეულ ლექცია/სემინარებზე დასწრების საერთო მაჩვენებელი 15% იყო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ასევე შეისწავლა ის წინაპირობები, რომლებიც სტუდენტს საგანმანათლებლო პროგრამით დასახული სწავლების შედეგებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მიღწევის მოტივაციას უნდა უქმნიდეს. იქედან გამომდინარე, რომ არსებული სქემის პირობებში, სახელმწიფო სასწავლო დაფინანსების შენარჩუნება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში სტუდენტისგან არ მოითხოვს მისაღები აკადემიური მოსწრების ნიშნულის შენარჩუნებას, სტუდენტებს ნაკლები მოტივაცია აქვთ მიაღწიონ მაღალ აკადემიურ მოსწრებას. სტუდენტთა მოტივაციის ფაქტორი განსაკუთრებით აქტუალურია იმ პირობებში, როდესაც შერჩეული 3 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან არც ერთს არ აქვს დანერგილი სისტემური და ქმედითი მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემთ სტუდენტების მოსწრებასა და დასწრებაზე დაკვირვების მეშვეობით სწავლების ადრეულ ეტაპზე მოახდინონ სტუდენტების საჭიროებებისა და მოთხოვნების იდენტიფიცირება და მათი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების მიზნით სტუდენტებისთვის შესაბამისი დახმარების სერვისების შეთავაზება.

აქედან გამომდინარე, სტუდენტებმა თავად უნდა გამოიჩინონ ინიციატივა და მიმართონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურს. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით საგულისხმოა სას-ის მიერ განხორციელებული სტუდენტების გამოკითხვის შედეგები, რომელმაც გამოავლინა, რომ რესპოდენტების 40% არ იყო ინფორმირებული, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სასწავლო კურსის ფარგლებში მათ ინდივიდუალურ აკადემიურ კონსულტაციას სთავაზობდა, ხოლო გამოკითხულ სტუდენტთა 88%-ს არ მიუმართავს დასაქმების სერვისისთვის ან არ ფლობს ინფორმაციას ასეთის არსებობის შესახებ. შერჩეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დანერგილი სტუდენტთა დახმარების სერვისების შესახებ ინფორმირებულობის ასამაღლებლად საჭირო მექანიზმების არარსებობის გამო, აღნიშნული სერვისები არ არის სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, სტუდენტებს არ ეძლევათ შესაძლებლობა აღნიშნული სერვისების დახმარებით გაიუმჯობესონ აკადემიური მოსწრება და სრულად მიაღწიონ სწავლების შედეგებს.