Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"სვეტის" წინააღმდეგ, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას

5a8fcb9bb7293
თამუნა დემეტრაშვილი
23.02.18 12:05
838
"არ გამოვრიცხავთ, რომ კომპანია "სვეტის" წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მივმართოთ", - ამის შესახებ bm.ge-ს ერთერთი დაზარალებულის ადვოკატმა ირაკლი ბურჭულაძემ აცნობა. მისი თქმით საქმის შემდგომი მსვლელომა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა წინადადებას შესთავაზებს კომპანია მის კლიენტს და რამდენად მისაღები იქნება ეს წინადადება.

"სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იურიდიული პირის წინააღმდეგ, რაც შემდგომში დამფუძნებლების პასუხისმგებლობას იწვევს. კომპანიამ გამოაცხადა, რომ გარკვეული გრაფიკით თანხების დაბრუნებას დაიწყებს, ვნახოთ, როგორი შემოთავაზება იქნება საბოლოოდ"- აღნიშნა ბურჭულაძემ.

მისივე ინფორმაციით, უკვე ორი კვირაა მიმართეს მერიას და ოფიციალურ პასუხს ითხოვენ, იყო თუ არა მირცხულავას ქუჩის პროექტზე გაცემული სამშენებლო ნებართვა.

"იმედი გვაქვს მერია გაითვალისწინებს მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს და 1 თვიან ვადას არ დაელოდება ადმინისტრაციული წარმოების პროცედურის შესაბამისად და პასუხს დროულად მოგვაწვდის, სწორედ ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი ნაბიჯები", - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატი ირაკლი ბურჭულაძე იტალიაში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი ქალბატონის ინტერესებს იცავს, რომელსაც ბინის შესაძენი თანხის 40%, გრაფიკის შესაბამისად უკვე გადახდილი აქვს.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "სვეტმა" თავის დროზე სპეციალური შეთავაზება გააკეთა ემიგრანტებისათვის, რომლებსაც შეეძლოთ 10%-იანი წინასწარი შენატანის პირობებში, 7 წლიანი შიდა უპროცენტო განვადებით ესარგებლათ.

უნებართვო მშენებლობისა და უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, მერიის გადაწყვეტილებით, კომპანია "სვეტის" პროექტებზე სამშენებლო პროცესი რამდენიმე კვირაა შეჩერებულია.