Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"სუბსიდია აღარ იქნება საფერავზე, რქაწითელსა და კახურ მწვანეზე"

5979e009c3f4a
BM.GE
27.07.17 16:42
1175
საქართველოს მთავრობამ 2017 წლის რთველის ორგანიზებულად და წარმატებით ჩატარების ხელშეწყობის მიზნით სპეციალური სამთავრობო განკარგულება მიიღო.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2017 წლის რთველის ორგანიზებასთან დაკავშირებით მთავრობას ახლებური მიდგომა ექნება, რის საფუძველსაც მეღვინეობის დარგში არსებული მდგომარეობა იძლევა.

"ბოლო წლების ღვინის ექსპორტის ტენდენცია მზარდია და მეღვინეობის დარგის მიმართულებით კონიუქტურა ძალიან გაჯანსაღებულია. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ რთველის პროცესი ჩაივლის ორგანიზებულად და კერძო სექტორის მხრიდან იქნება დიდი დაინტერესება და მოთხოვნა ყურძნის შესყიდვაზე. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ღვინის გადამუშავების ნაწილში სუბსიდია საჭირო აღარ იქნება ძირითად ინდუსტრიულ ჯიშებზე როგორც საფერავზე, ისე რქაწითელსა და კახურ მწვანეზე“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა აგრძელებს ბრენდის წარმოების ხელშეწყობას სხვადასხვა მექანიზმით, მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტებით.

"ბოლო წლებში ჩვენ დავინახეთ, რომ ქართული ბრენდის ხარისხი და შესაბამისად წარმოების პროცესი არის გაუმჯობესებული და გვექნება კომპენსაცია რქაწითელსა და კახურ მწვანეზე იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები აწარმოებენ ბრენდს და ყურძნის კონცენტრირებულ ტკბილს, ისინი მიღებენ კომპენსაციას სახელმწიფოს მხრიდან 35 თეთრს, რომ მათი საფასო პოლიტიკა იყოს კონკურენტუნარიანი და ჰქონდეთ მეტი მოტივაცია პროცესში ჩასართავად. ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ საბრენდე სპირტის წარმოებას, რომელიც შემავსებელი ინდუსტრიაა ღვინის სექტორთან ერთად“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, დარგის გაჯანსაღების მიზნით გარკვეული სიახლეები იგეგმება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც.

„დაცული ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარის“ შემთხვევაში შეგვაქვს ცვლილებები ღვინის სპეციფიკაციაში, რომლის მიხედვითაც 2019 წლიდან „ხვანჭკარის“ გადამუშავების პროცესი უნდა მოხდეს უშუალოდ ადგილწარმოშობის ზონაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სიახლეა რეგიონის მაცხოვრებლებისათვის და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის. ეს უნდა იყოს უმტკივნეულო გადასვლა და ღვინის კომპანიებს ვაძლევთ ვაას, რომ 2019 წლისთვის დაიჭრონ თადარიგი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.