Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"სტატისტიკის სამსახურის ბოლო ინფორმაცია, ინვესტიციების შესახებ, საგანგაშო და ცუდი არ არის"

56ebddb6ac795
BM.GE
18.03.16 14:48
1010
"სტატისტიკის სამსახურის ბოლო ინფორმაცია ინვესტიციების შესახებ საგანგაშო და ცუდი არ არის", - აღნიშნულის შესახებ "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი პერტაიამ განაცხადა. მისი თქმით, სტატისტიკის სამსახურის საქმიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, პერტაია არ გამორიცხავს, რომ ბოლო მონაცემები დაზუსტებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ შეიცვალოს.
 
"სტატისტიკის დეპარტამენტის ბოლო ინფორმაცია ინვესტიციების შესახებ, საგანგაშო და ცუდი ნამდვილად არ არის. ჩვენ წინასწარ მონაცემებზე ვსაუბრობთ. გასათვალისწინებელია, რომ შარშან 2014 წლის წინასწარსა და დაზუსტებულ მონაცემებს შორის დაახლოებით 500 მილიონიანი სხვაობა იყო. შესაბამისად, შეიძლება ვიფიქროთ, რომ წელსაც შესაძლებელია სხვა ციფრები მივიღოთ", - განაცხადა პერტაიამ. მისივე თქმით, წინასწარი და დაზუსტებული მონაცემების გამოქვეყნება საერთაშორისო პრაქტიკაა.

"წინასწარ და დაზუსტებულ მონაცემებს შორის, ამხელა მასშტაბური სხვაობა მართლა ძალიან ბევრია. თუმცა, ჩვენ არ გვაქვს არანაირი საფუძველი რაიმე ეჭვი შევიტანოთ სტატისტიკის სამსახურის საქმიანობაში, ვინაიდან ის არის ძალიან მაღალი დონის დამოუკიდებლობის მქონე ინსტიტუტი, მას საერთაშორისო მეთოდოლოგია აქვს და აქ ყოველგვარი ზეწოლა გამორიცხულია, სხვა ალტერნატიული წყარო ჩვენ არ გაგვაჩნია. ჩვენ შეგვიძლია შეგრძნებებზე ვისაუბროთ, რაზეც მე გეტყვით, რომ შეგრძნებები ძალიან პოზიტიურია. ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ინვესტორებს. დაახლოებით ვიცით ფულს რამდენს დებენ, მაგრამ საბოლოო ციფრს ჩვენ მაინც ვერ მივიღებთ იმიტომ, რომ ინვესტიციებს ჩვენს გარეშეც ახორციელებენ, ჩვენს გარეშეც შეიძლება ფული გარეთ გაედინოს", - განაცხადა პერტაიამ.