Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"სკოლებში მოსწავლეებთან ურთერთობის ძირითადი ფორმა ყვირილია"

59e5dc5cbb7dc
თათია ჩაფიჩაძე
17.10.17 14:32
1232
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები ხშირია. ძალადობის ყველაზე გავრცელებულ ფორმას კი ყვირილი წარმოადგენს. სახალხოდ დამცველის მიერ წარმოდგენილი მონიტორინგის შედეგებიდან ირკვევა, რომ ძალადობის ფორმას - ყვირილს, საგნის მასწავლებელთა 78.8%, დამრიგებელთა 61.5%, სკოლის ადმინისტრაციის 47.1% და მანდატურების 20.3% იყენებს.

სკოლის თანამშრომელთა 25% კი ყვირილს ძალადობის ფორმად საერთოდ არ მიიჩნევს. 4%-ს ძალადობად არ მიაჩნია არც ცემა. 12.7%-მდეა იმ სკოლის თანამშრომელთა რაოდენობა, რომლებიც ძალადობად არ განიხილავენ წამორტყმას და 13.9%-ია მათი რაოდენობა, ვინც ძალადობად არ განიხილავს ყურის აწევას.

ასევე მაღალია იმ მოსწავლეთა რაოდენობა ვინც ფიქრობს, რომ ცემა (13.2%) და წამორტყმა (37%) ძალადობის ფორმები არაა. საყურადღებოა ისიც, რომ მოსწავლეების უმრავლესობას არ აქვს არც დახმარების მიღების იმედი და გამოცდილება და არც ინფორმაცია დახმარების მიღების გზების შესახებ.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგი სოციოლოგიური კვლევის რაოდენობრივი (კითხვარები თანამშრომლებისა და უფროსი კლასის მოსწავლეებისთვის) და თვისობრივი (ინტერვიუ მანდატურებსა და სკოლის დირექციასთან, ფოკუს ჯგუფები მე-5, მე–6, მე–7 კლასის მოსწავლეებთან) მეთოდებით განხორციელდა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით მონიტორინგი სახალხო დამცველის ინიციატივითა და UNICEF-ის მხარდაჭერით 109 სკოლაში ჩატარდა.