Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"შპს "მექანიზატორის" 15,067,284 ლარის ტექნიკის მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა, მხოლოდ 367,798 ლარი შეადგინა"

58f9f35b9fcb0
BM.GE
21.04.17 15:55
1044
აუდიტის სამსახური შპს მექანიზატორის შესაბამისობს აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2012, 2013, 2014 წლებს მოიცავს.

აუდიტი შპს „მექანიზატორს“, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია სამი რეკომენდაციით მიმართავს:

რეკომენდაცია N1: შეძენილი აქტივების რაციონალურად გამოყენების მიზნით, შპს „მექანიზატორმა“ ახალი ტექნიკა- აგრეგატების შეძენამდე სასურველია ჩაატაროს კვლევა რამდენად მოთხოვნადია ესა თუ ის აგრეგატი მომსახურების ბაზარზე და მხოლოდ მას შემდეგ მოახდინოს შესყიდვა.

რეკომენდაცია N2: შპს „მექანიზატორის“ ხელმძღვანელობამ შემოსავლების სრულად და ზუსტად აღრიცხვის მიზნით დანერგოს შესასრულებელი აგრო ოპერაციის ელექტრონული აღრიცხვის სისტემა, რომელიც მიმდინარე რეჟიმში ასახავს დამკვეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს, ანგარიშსწორების პირობებს და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას რაც უზრუნველლყოფს ოპერატორების ეფექტურ კონტროლს და კოორდინირებულ მუშაობას.

რეკომენდაცია N3: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მომსახურების სფეროში გამოსაყენებელი ტექნიკა- იმპლემენტების მართვის გაუმჯობესებისა და მისაღები შემოსავლების შესაძლო დანაკარგების აცილების მიზნით, შპს „მექანიზატორის“ მიერ შემუშავებულ იქნას წესი, რომელშიც გაწერილი იქნება განსახორციელებელი საქმიანობისა და მათი შესრულების მონიტორინგის პროცედურები.

აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კომპანიის ბალანსზე რიცხული 15,067,284 ლარის ღირებულების ტექნიკა-აგრეგატების მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა, მხოლოდ 367,798 ლარი (2.44%) შეადგინა.

„2014 წლის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა-იმპლემენტების მიმდინარე რემონტისთვის მესამე პირებისგან შესყიდულია 871,136 ლარის მომსახურება. შპს „მექანიზატორის“ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული ღირებულების მცირე ნაწილზე ხარჯების გაწევის აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია - ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დეფექტური აქტები. დეფექტური აქტების ნაცვლად, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტებთან ერთად შედგენილია დოკუმენტაცია უკვე შესრულებულ სამუშაოებზე (სერვისის განაცხადი, გასვლითი მიღება-ჩაბარების აქტები). თითოეული შემთხვევისთვის დეფექტური აქტის შედგენა შეამცირებს არამართებული ხარჯების გაწევის რისკს“ - ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

ამასთან, შპს "მექანიზატორი" შემოსავლების აღრიცხვის მიზნით აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით გაწეული მომსახურებების რეესტრს, რომელიც არ არის სრულყოფილი. კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ფაქტობრივად მოწოდებული ხელშეკრულებების ნაწილი საერთოდ არ იყო ასახული აღნიშნულ რეესტრში.

"შპს "მექანიზატორის" სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს „უსაფრთხოების სამსახურის კონტროლის განყოფილება“, რომლის საქმიანობის ძირითადი მიზანია შპს "მექანიზატორის" ტექნიკის საქმიანობის პირდაპირ რეჟიმში GPS-ის საშუალებით შემოწმება. აღნიშნული განყოფილებისთვის არ არის შემუშავებული პოლიტიკა და სამუშაო პროცედურები. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ვერ იქნა წარმოდგენილი შპს „მექანიზატორის“ 2014 წელს მოქმედი დებულება, სადაც გაწერილი იქნებოდა შესაბამისი სამსახურების ფუნქცია-მოვალეობები", - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.