Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ქართულ-ჩინური ფონდის შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასრულებულია"

59b92dbd7873c
თელარა გელანტია
13.09.17 17:06
1002
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ქართულ-ჩინური "საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდის" შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასრულებულია.  ამის შესახებ ქუმსიშვილმა "საქმის კურსს" განუცხადა.

„ფონდთან დაკავშირებით, ვიცი, რომ მოლაპარაკებები დასრულებულია. უახლოეს დღეებში, შესაბამის ფორმატში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა უნდა გაიმართოს და შემდეგ ყველა გადაწყვეტილების საჯაროდ გამოტანა მოხდება. ამოცანა არის ის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ინდუსტრიული კომპანია შემოვიდეს და შესაბამისად, ახალი პროდუქტები შეიქმნას", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, "საპარტნიორო ფონდსა" და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ უმსხვილეს და შანხაიში სიდიდით პირველ კომპანია CEFC-ის შორის ერთობლივი ფონდის შექმნის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია 14-15 მაისს, ჩინეთში გაიმართა.

როგორც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე განმარტავს, $50-მილიონიანი საწესდებო კაპიტალის მქონე ფონდში, კომპანია CEFC $26 მლნ-ით შემოდის, ხოლო საპარტნიორო ფონდის წილი $24 მლნ იქნება.

ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ინდუსტრია, ტურიზმი და სხვა - ეს არის ის სფეროები, რაშიც ახლად შექმნილი ფონდი ფულს დააბანდებს, თუმცა როგორც საგანელიძე ამბობს, ის შეეცდება, ენერგეტიკული პროექტები ნაკლებად დააფინანსონ. მისივე ინფორმაციით, ქართულ-ჩინური „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი" ფუნქციონირებას მიმდინარე წლის შემოდგომიდან შეუდგება.