Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ოლიმპიურ ვარსკვლავს" ახალი ინვესტორი ჰყავს

59007c18d4056
სალომე მეცხვარიშვილი
27.04.17 11:44
1818
ოლიმპიურ ვარკვლავს ჯარიმა ჩამოეწერა და ახალი ინვესტორი ჰყავს,- ამის შესახებ "საქმის კურსს" კომპანიის წარმომადგენელმა ლელა რაზიკაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, პროექტი განახლდა და ბევრად უფრო მასშტაბურია, ვიდრე მანამდე იყო დაგეგმილი. ლელა რაზიკაშვილი ამბობს, რომ მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება, მანამდე კი ინვესტორები საძირკვლის შეცვლასაც აპირებენ.

კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ახალი ინვესტორი ქართული და აზერბაიჯანული კაპიტალით შექმნილი კომპანიაა, რომელიც საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის სფეროში ახალია. ლელა რაზიკაშვილის განცხადებით, კომპანია ამ სფეროში შემოსვლას ახალი ბრენდით აპირებს და ამ ბრენდითვე გააგრძელებს ოპერირებას მომავალში.

"ინვესტორი არის ერთ-ერთი ძლიერი ჯგუფი, რომელიც აქამდე ამ მიმართულებით არ საქმიანობდა. ახალი ბრენდი ყალიბდება, რომლითაც ეს ჯგუფი გააგრძელებს ოპერირებას. ეს არის ძირითადად აზერბაიჯანელი და ქართველი ინვესტორებისგან შემდგარი კომპანია. აქამდე ისინი ძირითადად ტერმინალების და მსგავსი პროექტების მშენებლობით იყვნენ დაკავებული",- აცხადებს ლელა რაზიკაშვილი.

მისივე თქმით, ამჟამად ახალი ინვესტორი მოლაპარაკებებს აწარმოებს "საქართველოს ბანკთან", რომ ობიექტზე იპოთეკა მოიხსნას. პარალელურად მერიაში მიმდინარეობს ახალი პროექტის დამტკიცების პროცედურები.

გასული წლის შემოდგომაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროექტი განახლდა და მას "ვენა დეველოპმენტ ჯგუფი" განახორციელებდა, თუმცა, დღეს რაზიკაშვილი ამბობს რომ ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებები განხორციელდა.

დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში პროექტის პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი. 

რაც შეეხება 37-მილიონიან ჯარიმას, რომელიც კომპანიას რამდენიმე წლის წინათ დაეკისრა, გასულ წელს ხელისუფლების გადაწყვეტილებით ჩამოეწერათ. დარჩენილი თანხა - 500 ათასი ლარი კი კომპანიამ დაფარა.

ყოფილი საბურთალოს ბაზრის ტერიტორიაზე მშენებარე მრავალფუნქციურ კომპლექსში განთავსდება როგორც საცხოვრებელი, ისე საოფისე- კომერციული ფართები.