Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ნატურ ბრავო": არიან მცირე საწარმოები, რომლებიც სარდაფებში ამზადებენ ნახევარფაბრიკატებს და სერიოზულად გვიშლიან ხელს

592bfaae0c6a4
სალომე მეცხვარიშვილი
29.05.17 14:34
944
გაყინული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის "ნატურ ბრავოს" ხელმძღვანელი ეკა კობახიძე სექტორში არსებული პრობლემების შესახებ საუბრობს. როგორც მან "საქმის კურსთან" განაცხადა, სერიოზულ პრობლემებს ქმნიან არაკეთილსინდისიერი მეწარმეები, რომლებიც პროდუქციას პირდაპირ სარდაფებში ყოველგვარი ჰიგიენური და შენახვის პირობების დარღვევით აწარმოებენ. ეკა კობახიძის თქმით, საბოლოოდ ასეთი მეწარმეების მიერ დამზადებული პროდუქცია იაფი ღირს, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს კეთილსინდისიერ მეწარმეებს.

"ჩვენ ვმუშაობთ აბსოლუტურად გამჭირვალედ, თუმცა, არიან მცირე საწარმოები, რომლებიც სარდაფებში ამზადებენ გაყინულ პროდუქციას. არ იცავენ არც ჰიგიენურ ნორმებს და არც შენახვის პირობებს.

"სუფთად" მუშაობა კი არის სერიოზულ ხარჯებთან დაკავშირებული. მაგალითად, თუ ჩვენ კვირაში დეზინფექციისთვის ვხარჯავთ 200 ლარს, ის საწარმო არანაირად არ ხაჯავს. ჩვენ ვყინავთ ჩვენს პროდუქციას შოკ-მაცივრებში, რომლის გამოც დენის გადასახადი გვაქვს 3-4 ათასი ლარი. ჩვენ ვყინავთ -30 გრადუსზე, ისინი კი ყინავენ -15 გრადუსზე, რის გამოც ელექტროენერგიის მინიმალური დანახარჯი აქვთ. ამიტომ, როდესაც ჩვენ ჩვენს უმაღლესი ხარისხის ნაწარმს ვყიდით 14 თეთრად, ისინი ყიდიან 10 თეთრად. მოსახლეობას კი უჭირს და ვერ აფასებს ხარისხს",- აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, ყველა დიდ ქალაქში დაახლოებით 30-40 ასეთი საწარმოა, რომელსაც სარდაფში, ბინაში აქვს მოწყობილი ობიექტი და პრინტერეზე ამობეჭდილი ეტიკეტებით უშვებს პროდუქციას.

რაც შეეხება თავად "ნატურ ბრავოს", საწარმო ზესტაფონის რაიონში მდებარეობს. კომპანია სხვადასხვა სახის ნახევარფარიკატებზე მუშაობს, როგორიცაა: ხინკალი, პილმენი, ქაბაბი, ტოლმა და ა.შ.

ეკა კობახიძე მათ წინაშე არსებულ კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ქართულ ბაზარზე არ არსებობს იმ ოდენობის და იმ ხარისხის ხორცი, რომლის გამოყენებასაც წარმოებაში მუდმივად შეძლებდნენ. ამიტომ კომპანიას ევროპიდან შემოსული გაყნული ხორცის გამოყენება უწევს.
ამ ეტაპზე „ნატურ ბრავო“ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი, გარდა თბილისისა. საწარმოს დირექტორი ამბობს, რომ დედაქალაქში შესვლასაც აპირებენ და ამ ეტაპზე დილერის მოძიების პროცესში არიან.