Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი მომხმარებლებსა და ბიზნეს გარემოს თანაბრად დააზიანებს"

56f12a72dc2d7
BM.GE
22.03.16 15:19
1105
მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი მომხმარებლებსა და ბიზნეს გარემოს თანაბრად დააზიანებს - ასეთია ბიზნეს გაერთიანებების შეფასება იმ კანონპროექტის მიმართ, რომელიც პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის მიერაა ინიცირებული და პირველი მოსმენით უკვე მიღებულია.
 
"იმ ფონზე, როდესაც საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით უკვე არსებობს არაერთი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, ცალკეულ სექტორებში უკვე არსებობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტები, ვფიქრობთ რომ ახალი, პარალელური რეგულაციების შემოღება მძიმე ტვირთად დააწვება ბიზნეს, მომხმარებელს და სახელმწიფო ბიუჯეტს.

ევროკავშირთან ასოცირების პროცესში საკანონმდებლო რეფორმების განხორციელება ლოგიკური და ბუნებრივი პროცესია, რასაც მთელ საზოგადოებასთან ერთად ქართული ბიზნესი სრულიად სერიოზულად და რაც მთავარია პასუხისმგებლობით ეკიდება, სწორედ აქედან გამომდინარე, კერძო სექტორის და ბიზნეს გაერთიანებების მიერ კანონმდებლებისათვის შეთავაზებულ იქნა არაერთი შენიშვნა და არგუმენტი, რომ აღნიშნული კანონპროექტი სრულ შესაბამისობაში ყოფილიყო ევროკავშირის რეგულაციებთან და ქვეყნის ეკონომიკურ რეალობასთან; ჩვენდა სამწუხაროდ და გასაკვირად, კანონპროექტზე მუშაობის პროცესში სრულად იქნა იგნორირებული ბიზნესის დასაბუთებული არგუმენტები, შედეგად კი საკანონმდებლო ორგანო განიხილავს პროექტს, რომელიც არაერთ ასპექტში არათუ არ შეესაბამება, არამედ ეწინააღმდეგება ევროდირექტივებს და აწესებს ისეთ მიზანშეუწონელ ვალდებულებებს, რასაც თავად ევროკავშირის კანონმდებლობაც კი არ ითვალისწინებს.

ხაზგასმით გვინდა აღვიშნოთ, რომ ერთი შეხედვით კეთილშობილური, მაგრამ ამავდროულად ევროკავშირის დირექტივასთან შეუსაბამო, უკვე არსებული კანონმდებლობის პარალელური ნორმების შემოღება, ქვეყნის ეკონომიკური რეალობის და საჭიროებების გაუთვალისწინებლად, სერიოზულ პრობლემას შეუქმნის განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს, ათეულ ათასობით მოვაჭრეს თუ მეწარმეს, მსხვილ ბიზნესს კი მნიშვნელოვნად გაურთულებს ოპერირებას, მომხმარებლისათვის გააძვირებს პროდუქციის და მომსახურების ღირებულებას, შეამცირებს მათზე ხელმისაწვდომობას და უარყოფითად აისახება კონკურენტულ გარემოზე;

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კანონმდებლები ბიზნეს გაერთიანებების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს და არგუმენტებს ამჯერად მაინც გაითვალისწინებენ და თავიდან იქნება აცილებული ის სერიოზული რისკები, რასაც ხსენებული პროექტი ქმნის ბიზნეს გარემოსათვის”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელ აწერენ:

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო
საქართველოს ბანკების ასოციაცია
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
საქართველოს ნავთობიმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაცია