Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მოკლე ინფორმაცია საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტზე"

58ff7c8e0ec1a
BM.GE
25.04.17 20:45
1530
საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის. ცვლილებების პროექტი  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იყო წარდგენილი. საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ საკუთარ სოციალურ ქსელში ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი წერს.

"მოკლე ინფორმაცია საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტზე, რომელიც საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება კომენტარებისთვის და შემდეგ წარედგინება პარლამენტს განსახილველად:

• გადასახადის შემცირებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის დადგენილი თანხის ოდენობა 50,000 ლარიდან 100,000 ლარამდე იზრდება;
უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს:

• სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარი

• სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა;

• დღგ-სგან თავისუფლდება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების მომსახურების გაწევა;

• დღგ-სგან და აქციზისგან თავისუფლდება შიდა საავიაციო რეისებისა და სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის იმპორტი და მიწოდება;

• აქციზისგან თავისუფლდება მწარმოებლის მიერ დამკვეთის ნედლეულით ყურძნის ღვინის დისტილაციით მიღებული სპირტის წარმოება;

• 2 წლით იზრდება დაუსრულებელი მშენებლობებისათვის დაწესებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების ვადა. მშენებლობის დასრულების საბოლოო ვადად განისაზღვრება 2019 წლის 31 დეკემბერი;

• იზრდება საგადასახადო დავალიანების თანხის ზღვარი 5000-დან 50 000 ლარამდე, რომლის გადახდის 1 წლის ვადით გადავადებაც (გრაფიკის გაკეთება) შესაძლებელი იქნება საგადასახადო ორგანოში უზრუნველყოფის წარდგენის გარეშე;

• საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი ფიზიკური პირის მიერ წარმოებული ჭარბი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტისათვის მიწოდებით მიღებული შემოსავალი;

• საშემოსავლო გადასახადისაგან თავისუფლდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკუთრების აღიარების შედეგად წარმოშობილი სარგებელი;

• უქმდება საწარმოებისათვის გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულება;

• საწარმოს მიერ მიღებული მოგება, რომლითაც მოხდება დამფუძნებლის მიერ ამავე საწარმოს კაპიტალის გაზრდა არ ჩაითვლება მოგების განაწილებად და არ დაიბეგრება მოგების გადასახდით;

• მოგების გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარება მხოლოდ პარტნიორი ფიზიკური და პარტნიორი არარეზიდენტი პირის მიერ აღებული სესხის უზრუნველყოფა;

• ევროკავშირის დირექტივის მოთხოვნებიდან გამომდინარე იცვლება აქციზის გადასახადის სტრუქტურა ალკოჰოლიან სასმელებზე;

• სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩამოწერონ განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები -
ჩამოწერისთვის განისაზღვრება სპეციალური წესი;

• ხორციელდება საბაჟო პროცედურების სრულყოფა და მსუბუქდება სანქციები;

• ზუსტდება არაერთი ნორმა, რომელიც ორაზროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.