Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"კარიერა როგორც სპორტი" - ნიკა ქურდიანის კომფორტული საქართველო

567c07583d0ec
BM.GE
24.12.15 18:36
1706
სახელი: ნიკოლოზ
 
გვარი: ქურდიანი

ასაკი: 33 წლის

სამუშაო ადგილი: თიბისი ბანკი, გენერალური დირექტორის მოადგილე

სამუშაო გამოცდილება: UniCredit Group -ავსტრიისა და ყაზახეთის რეგიონები. Bank Austria (UniCredit Goup) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საცალო ბიზნესის განყოფილება. ATF Bank-ისა (UniCredit Group) და Kaspi Bank – (ყაზახეთი) აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია. ბანკი რესპუბლიკა (ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი), საცალო საბანკო სექტორის უფროსი. საქართველოს ბანკი, სხვადასხვა პოზიციები.

განათლება: ბაკალავრი (BBA)- ბოხუმის რურის უნივერსიტეტი, კავკასიის ბიზნესსკოლა და ტექნიკური უნივერსიტეტი. მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკაში -საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (MBA) IE ბიზნესსკოლა.

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.

- თქვენი აზრით, რა არის საჭირო კარიერაში წარმატების მისაღწევად?

21 წლამდე ძალიან ბევრი ვისწავლე და ვიმუშავე ჩემს თავზე, რამაც მომცა საშუალება კარგი სამსახური მქონოდა. კარგმა სამსახურმა კი მომცა თავის წარმოჩენის საშუალება და ამას ავტომატურად მოჰყვა კარიერული წინსვლა. დიდი წარმატება იყო ჩემთვის ახალგაზრდა ასაკში მემუშავა ბანკ რესპუბლიკაში, საკმაოდ მაღალ პოზიციაზე. ხელფასიც საკმაოდ მაღალი მქონდა იმ დროისა და ასაკისთვის, მაგრამ წამოვედი - არ ავყევი ეიფორიას, არ დავჯერდი დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას და წავედი სასწავლებლად. მივხვდი, რომ საკუთარი თავის განვითარების გარეშე წინსვლა გამიჭირდებოდა.

კარიერისტი არასოდეს ვყოფილვარ. ვფიქრობ, რომ კარიერისთვის არ ცხოვრობს ადამიანი. უბრალოდ სულ საქმეში ყოფნა მომწონდა, მომწონდა კორპორატიული გარემო, გუნდისა და პროექტების მართვა, მიზნების მიღწევა. მთავარია, საქმიანი ადამიანი იყო. საქმიანი რომ იყო, საქმის განვითარებაში უნდა ჩადო დროც, ენერგიაც და მატერიალური რესურსიც.

- როგორია თქვენი ურთიერთობა თანამშრომლებთან?

მგონია, რომ თანამშრომლებთან ურთიერთობისას ფორმულა არ არსებობს, სრულიად უშუალო და გახნსილი ვარ მათთან ურთიერთობისას. ვფიქრობ, რომ ცუდი უფროსი არ არსებობს, არსებობს „სხვანაირი“ უფროსი.

- რა არის თქვენთვის საქმეში მთავარი მოტივატორი?

მიზნების მიღწევა, ახალი საქმის კეთება, მსოფლიოს შეცვლა - ეს ყველაფერი ძალიან რომანტიულად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ასეა. რას მოვყავარ ყოველდღე სამსახურში? - ალბათ იმას, რომ აქ გუნდი მელოდება. ჩემი მაგალითით მინდა, სხვამაც კარგ შედეგს მიაღწიოს. ხშირად სამსახურში ყველაზე ადრე მოვდივარ და ყველაზე ბოლოს გავდივარ. ამას სხვაც რომ დაინახავს, მოტივაცია ექნება,რომ მეტს მიაღწიოს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი დინამიკაში მოდის და ეს დინამიკაა, რაც ადამიანებს გვამოძრავებს. ეს ყველაფერი სპორტივითაა - გამარჯვება იმაზეა დამოკიდებული, ვინ უფრო ძლიერი აღმოჩნდება და ვინ უფრო სწრაფად გაიქცევა. ფული არ არის მოტივატორი. არასდროს მჯეროდა, რომ ფულით ადამიანს რაიმეს შეცვლა შეუძლია.

- საზღვარგარეთ წარმატებული კარიერის შემდეგ, საქართველოში დაბრუნება რატომ გადაწყვიტეთ?

ერთი მიზეზი ალბათ ის არის, რომ საზღვარგარეთ წარმატებას მივაღწიე. ეს წარმატება რომ არ მქონოდა, შესაძლოა, კიდევ დავრჩენილიყავი. მეორე, - ალბათ ემოციურადაც მივაღწიე იმ მდგომარეობას, როდესაც მივხვდი, რომ უცხოეთში ყოფნა სიახლეს აღარ მომიტანდა.

ევროპაში ყავის სმა, ნელი ტემპით მოსიარულე ხალხი, კაფეში გემრიელი ნამცხვარი და ვიოლინოს ხმა - ანუ ის, რაც ევროპაში მოგვწონს და რაც შეიძლება თბილისში არ გვაქვს, საბოლოო ჯამში მაინც ჩვეულებრივი ხდება, როდესაც იქ ცხოვრობ და სულ გინდა, რომ ეს ყველაფერი სახლშიც, საქართველოშიც გქონდეს.

გარდა ამისა, საქართველოში ალბათ არ ჩამოვიდოდი, რომ არა კარგი შემოთავაზება - თიბისი ბანკის წინადადებას ვგულისხმობ. რაც მთავარია, ჩემი ოჯახისთვის საქართველოში ცხოვრება ყველაზე კომფორტულია.

- ყველაფრის შემდეგ საქართველოში ადაპტირება ძნელი იყო?

დილით მივდივარ ოფისში, რომელიც ისევე გამოიყურება, როგორც ის ევროპაში გამოიყურებოდა. სხვაობა მხოლოდ ის არის, რომ აქ ხალხი ქართულად ლაპარაკობს. ცხოვრების ტემპიც და გამოწვევებიც იგივეა. ჩემი დაკვირვებით, ადამიანები ყველგან ერთნაირები არიან - ის განცდა ნამდვილად არ მაქვს, რომ მესამე მსოფლიოს ქვეყანაში ვცხოვრობ. შესაბამისად, ვერ დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოზე დაბალი წარმოდგენის არიან. ვთვლი, რომ ბევრ ქვეყანაზე წინ ვართ.

- რითი? გამოწვევები და განათლება ახსენეთ...

თვითგანვითარებაზე ორიენტირებული ხალხი გვყავს, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც ბევრად წინ არიან აზროვნებით და მენტალიტეტით, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყანის ახალგაზრდობა. 9 წელი ვცხოვრობდი საზღვარგარეთ და საქართველოში რეინტეგრაციის თვალსაზრისით პრობლემა საერთოდ არ შემქნია.

- მაშინ რატომ ითვლება საქართველო მესამე სამყაროს ქვეყნად?

გლობალური პროცესებია მეტად მისახედი, - ქვეყნის მართვასა და გეოპოლიტიკას ვგულისხმობ. როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ძალიან ახლები ვართ მსოფლიოში. მიკროგარემო ისეთივე გვაქვს, როგორც განვითრებულ ქვეყნებს, თუმცა მაკროგარემო სამწუხაროდ სხვაა - მანქანები ჯერ კიდევ გამონაბოლქვს აფრქვევენ ქუჩაში და ამაზე არავინ დარდობს.

- რომელ სფეროს გამოყოფდით, რომლის განვითარებაც განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს?

ყველა სფეროს სჭირდება განვითარება. ზოგადად ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველამ, ყოველდღიურად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევუქმნათ პოზიტიური განწყობა. მესმის, რომ ვიღაცას შეიძლება გამოსაკვებად არ ჰყოფნიდეს საკუთრი შემოსავალი - ასეთი ადამიანები ყველგან არიან და იყვნენ, მაგრამ ქვეყნებმა მაინც მოახერხეს განვითარება. მიდგომა უნდა იყოს პოზიტიური.

- საქართველოს ეკონომიკას როგორ ხედავთ დღეს და რა უნდა გავაკეთოთ განვითარებისთვის?

ჩვენი რეალობაა, რომ გვერდით გვყავს რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ევროპა - ყველას რაღაც უჭირს, ზოგან ომია, ზოგან ნავთობის ფასების ვარდნა ქმნის პრობლემას, ჩვენ კი ვართ გამტარი ქვეყანა, რომელსაც თავისი წარმოება და ეკონომიკა ჯერ ჩამოყალიბების პროცესში აქვს.

გეზი, რომელიც ეკონომიკაში წინა მთავრობამ აიღო და მოქმედი ხელისუფლებაც მიჰყვება, სწორია. ახლანდელმა მთავრობამ ბიზნეს და ეკონომიკური გარემოს გასაუმჯობესებლად ბევრი რამ გააკეთა, თუმცა მნიშვნელოვანია სწორი გეზის შენარჩუნება და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა.