Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"კამპას" დამფუძნებელი: ზოგიერთი მწარმოებელი წვენის ნაცვლად ხილის ნახარშს აწარმოებს

59708be4c4615
სალომე მეცხვარიშვილი
20.07.17 15:05
1321
წვენების მწარმოებელი კომპანია"კამპას" დამფუძნებლის დავით ბუაძის განცხადებით, ზოგიერთი მწარმოებელი წვენის ნაცვლად ხილის ნახარშს აწარმოებს და ბაზარზე კეთილსინდისიერ კომპანიებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე "კამპას" დამფუძნებელი ამბობს, რომ ბაზარზე ნატურალური წვენების რეგლამენტირება აუცილებელია.

დავით ბუაძე აცხადებს, რომ რეგლამენტი ბაზარზე თამაშის წესებს დაარეგულირებს, რის შემდეგაც განისაზღვრება რა არის წვენი, ნექტარი და წვენის შემცველი სასმელი.

"სამწუხაროდ, ზოგიერთ მწარმოებელს ეტიკეტზე უწერია წვენი და სინამდვილეში არის სხვა რამ, მაგალითად ნახარში. საერთოდ მომხმარებლის ცნობიერებაშიც წვენი არის ყველაფერი, რასაც ახატია ხილი და სასმელი ასხია, მაგრამ ეს ასე არ არის. წვენი არის სასმელი, სადაც ხილის შემცველობა არის 100%, სადაც პროცენტულობა ნაკლებია, ის უკვე არის ნექტარი. ხოლო თუ ხილის ძალიან დაბალი შემცველობაა, ნიშნავს, რომ ეს არის წვენის შემცველი სასმელი. დღეს ქართულ ბაზარზე ჩნდებიან მოთამაშეები, რომლებიც ამბობენ, რომ მათი პროდუქცია ფორთოხლის წვენია, მაგრამ ფორთოხლის შემცველობა სასმელში არის 45%",- აცხადებს "კამპას" დამფუძნებელი და აღნიშნავს, რომ სინამდვილეში მომხმარებელს შეხება აქვს ნექტართან, რაც ეტიკეტზე მითითებული არ არის.

დავით ბუაძე ამბობს, რომ წვენების რეგლამენტირებას წლებია ითხოვენ, ისეთივე ფორმით, როგორიც მაგალითად რძისა და რძის პროდუქტების შემთხვევაშია ამოქმედებული.
ბუაძის თქმით, ისინი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ჩართულები არიან ნატურალური წვენების რეგლამენტირების საკითხში.

"კამპასგან" განსხვავებით ახალ რეგულაციებზე ინფორმაცია არ აქვს "კულას". როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ვანო გოგილიძემ "საქმის კურსს" განუცხადა, მათთან კონტაქტი ამ საკითხზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ ჰქონია.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ნატურალური წვენებისა და სპირტის შემცველი სასმელების რეგლამენტირებაზე მუშაობს.