Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ჯორჯიან მანგანეზი" კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნას გაასაჩივრებს

5919c523f1886
BM.GE
15.05.17 19:09
1194
"საფრთხის ქვეშაა ათასობით სამუშაო ადგილი საქართველოში, ისევე როგორც კანონის უზენაესობა“, - ამის შესახებ საკუთარ განცხადებაში "ჯორჯიან მანგანეზის" მფლობელებმა მას შემდეგგანაცხადეს, რაც კომპანიაში გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით სპეციალური მმართველი დაინიშნა. ამასთან, კომპანიის მფლობელები განმარტავენ, რომ ხელისუფლებასთან მათი თანამშრომლობის მისწრაფება შერყეულია, - თემის დეტალებით ’’საქმის კურსთან“ კომპანია "ჯორჯიან ამერიქან ელიოზის" წარმომადგენელი ზაქარია ზალიკაშვილი საუბრობს.

- ბატონო ზაქარია, სალიცენზიო-სანებართვო პირობების შეუსრულებლობის გამო, კომპანიაში სპეციალური მმართველი დაინიშნა, აღნიშნულთან დაკავშირებით როგორია კომპანიის ოფიციალური პოზიცია?

- ჩვენ რამდენიმე წელიწადია ვცდილობთ ჭიათურაში ახალი მაღალტექნოლოგიური ფაბრიკა ავაგოთ, რომელიც გარემოზე ზემოქმედებას მინიმუმამდე შეცვლიდა. 3 წლიანი მუშაობის შემდეგ, წლის დასაწყისში ნებართვა მივიღეთ და წლის ბოლომდე მოგვეცა გონივრული ვადა, როგორც მას უწოდებენ, თუმცა მიმდინარე წლის 11 მაისს სპეციალური მმართველი მოგვევლინა ზუსტად იმ მიზეზით, რომ ჩვენ გონივრულ ვადებში თითქოს მდგომარეობის გამოსწორება ვერ შევძელით. ვიცით, რომ მადნის მოჭრა და მოპოვება ისტორიული პროცესია, რომელიც რამდენიმე საუკუნეს სცდება. ჩვენ გარემოს დაბინძურების „სტატუსკვო“ ჩავიბარეთ და შესაბამისად გეგმა დავდეთ როგორ გამოგვესწორებინა ეს. გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყო ღია კარიერების აღდგენა, ე.წ. რეკულტივაცია, რომელიც კომპანიამ ბოლო წლებში რამდენიმე ჰექტარზე უკვე განახორციელა. მადნის მოპოვება ქანების გადახსნის გარეშე შეუძლებელია და ყველა ამ პროცესს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვუთანხმებდით. "ჯორჯიან მანგანეზს" იქ უკანონოდ არაფერი უწარმოებია. რეკულტივაციას გეგმაც, რომელიც 90 ჰექტარზე იყო გაწერილი, შეთანხმებული იყო ათი წლის ვადით. ახალი ქარხნის მშენებლობაც შეთანხმებული იყო, თუმცა არანაირი გონივრული ვადა კომპანიას არ გადაეცა, რომ ეს მიმდინარე წლის ბოლომდე აღესრულებინა. 11 მაისს სპეციალური მმართველი მოგვევლინა სამი წლის ვადით და მან ამ პერიოდში ჭიათურაში გარემოს დაცვითი პრობლემები უნდა გამოასწოროს.

- ახალი ქარხანა თუ არ აიგო ამ შემთხვევაში სალიცენზიო-სანებართვო პირობების დაცვა შესაძლებელია?

- ეკოლოგიური პრობლემების თემა რამდენიმე საკითხისგან შედგება. მათ შორის არის მდინარე ყვირილას დაბინძურება, რომელზეც საუბრობდა გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. პროცესის შესაჩერებლად ჩვენ გეგმა წარვადგინეთ, - ეს არის 25 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია, რომლის მოსამზადებელი პროექტები ’’ჯორჯიან მანგანეზამა“ უკვე გაწია. როდესაც საინჟინრო დოკუმენტაცია წარვადგინეთ, ეს პროცესი წლიდან წლამდე ჭიანურდებოდა. ამასობაში კი, სანამ ამის დამტკიცება არ ხდებოდა, ჩვენ სხვადასხვა მცირე თუ დიდი ჯარიმების მსხვერპლი ვიყავით. ჩვენ კომპანიას 550 მილიონის ჯამური დავალიანება აქვს დაკისრებული, რასაც კომპანია, რა თქმა უნდა, აპროტესტებს. თავის მხრივ, ჯარიმების ზომიერება მრავალი საექსპერტო დასკვნითა და აუდიტორული კვლევით იქნა შესწავლილი. ავსტრალიამ სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა გარემოს დაცვის საკითხებში და დასკვნები სასამართლოს გადაეცა, სადაც არცერთ ნაწილში ის ბრალდება, რომელიც ჩვენ გვაქვს არ გამოიხატება და რა დასტურდება.

- სხვა რა პროცედურები არსებობს, რომ გარემოზე მიყენებული ზიანი დადგინდეს?

-ასეთი გლობალური გადაწყვეტილების მიღებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენი აზრით, ერთდღიანი ზედაპირული დათვალიერება გარემოს დაცვის სააგენტოს თანამშრომლების მიერ საკმარისი არ არის, რომ ერთ კვირაში გადაწყდეს თითქოს მდგომარეობა გაუარესებულია.

კანონით გათვალისწინებულ ვადებში, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, რა თქმა უნდა, ვაპირებთ. სპეციალური მმართველის ერთ-ერთი მისია ჭიათურაში ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრაა. ეს ვალდებულება მხოლოდ სტერილურად გარემოს დაცვის პრობლემების აღმოფხვრას მოიცავს. სპეციალურ მმართველს ვალდებულებები გაუფართოვდა და მას განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს. ბევრ შეფასებებში აღნიშნეს, რომ ეს დროებითი მმართველია, თუმცა ეს ასე არაა, მას ეს ვალდებულება სამი წლით განესაზღვრა და იგი ’’ჯორჯიან მანგანეზის“ ადგილებსა და მენეჯმენტს სრულად განკარგავს. ამას საერთო ჯამში რა გავლენა ექნება არ ვიცი, თუმცა კარგი რომ არ იქნება ამაში დარწმუნებული ვარ. ამერიკული კომპანია საქართველოში მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საინვესტიციო პროექტები, რომელიც კომპანიის მიერ იქნა ინიცირებული დაიცვას, ამის ფონზე ხდება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. ჩვენი კომპანიის დამფუძნებელი აღიარებს, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როგორც საქართველოს ასევე საერთაშორისო სამართლის კუთხით. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და უფრო ბევრი დეტალი გამოჩნდება და იქ გაირკვევა, ყოველ შემთხვევაში კომპანიამ ძალისხმევა არ დაიშურა, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა გამოესწორებინა და ამას ის ისტორიული პროცესი ადასტურებს, რომელიც ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია წარმოვადგინოთ. შესაბამის გადაწყვეტილებას ჩვენ ყოველთვის ველოდით.