Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ირანელი ბიზნესმენები საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში 300 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავენ"

56e96117141af
BM.GE
16.03.16 17:33
1058
საქართველოში ირანის პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმება. როგორც "საქმიანი დილის" ეთერში, ირან-საქართველოს ბიზნეს-ცენტრის საბჭოს წევრმა, მაჰმუდ დავარმა განაცხადა, ირანის პრეზიდენტთან ერთად, საქართველოში, ქვეყნის ინვესტორთა ჯგუფის ჩამსვლაც იგეგმება.
 
- კონკრეტულად რა სფეროებით არის დაინტერესება ირანელი ბიზნესმენების მხრიდან?

- მაგალითისთვის მოვიყვან სოფლის მეურნეობას. იმიტომ, რომ საქართველოში შესაძლებლობები საკმაოდ ფართოა, ნაყოფიერი მიწაა და შეგვიძლია სოფლის მეურნეობის სექტორით დავიწყოთ. ასევე გვინდოდა სასტუმრო და ტურისტულ ბიზნესში ინვესტირება. ეკონომიკის სამინისტროში ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა და შემიძლია განვაცხადო, რომ ირანელები მზად ვართ ინვესტირება მოვახდინოთ და ასევე თბილისის შემოგარენში ჩავდოთ თანხები.

- რა პრობლემები არსებობს, რომელმაც შესაძლოა ირანიდან ინვესტიციების შემოსვლა შეაფერხოს?

- ერთადერთი პრობლემა ეს არის ირანის საბანკო ანგარიშების საკითხი. გერმანიაში, იტალიაში, სხვა ქვეყნებში ირანელებისთვის ანგარიშები გაიხსნა და საქართველოს მთავრობისგანაც მსგავს ნაბიჯს ველოდებით, რათა ჩვენ ანგარიშებზე ხელი მიგვიწვდებოდეს. იმიტომ, რომ საბანკო ანგარიშების გარეშე მუშაობა შეუძლებელია, რაც ძალზე სერიოზული პრობლემაა. მე საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვ ჩვენთვის ანგარიშების გახსნა მალე განახორციელოს.

- ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებასთან საუბარი უკვე გქონდათ?

- ჩვენ ხელისუფლებას ვესაუბრებით. ასევე ირანის ელჩიც აღნიშნულ მოლაპარაკებებს აწარმოებს და პასუხია, რომ ეს პრობლემა მალე გადაწყდება.

- აღნიშნეთ, რომ ირანიდან ინვესტორები უნდა ჩამოვიდნენ, რა სახის ინვესტიციებზეა საუბარი?

- შემდეგ წლის ბოლომდე სოფლის მეურნეობაში 300 მილიონი დოლარით ვაპირებთ შემოსვლას. ასევე სოფლის მეურნეობაში კიდევ სერიოზული თანხების ჩადებას ვაპირებთ, მაგრამ ზუსტ ციფრს ვერ დაგისახელებთ. ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილისთვის ჩავდებთ ინვესტიციას, რომელსაც პროფესიონალების გუნდი მიხედავს, გეგმა არსებობს და პასუხებს ველოდებით.

ჩვენ მოლაპარაკებები გვქონდა ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის უწყებასთან და მზად ვართ უახლოეს მომავალში პასუხი მივიღოთ, მაგრამ რეალურად რა მოხდება ეს არავინ იცის. ძალიან დიდი ყურადღება ესაჭიროება თბილისის ისტორიულ ნაწილს, უზარმაზარი თანხები - 2-3 მილიარდი დოლარი და ამისთვისაც მზად ვართ. ალბათ ეს საკითხი თბილისის მუნიციპალიტეტშიც განიხილება და მთავრობისგან პასუხს ველოდებით. ვფიქრობ, რომ 10-15 დღის შემდეგ პასუხს მივიღებთ.