Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ინვესტორებისთვის, რომლებმაც საქართველოში მინიმალური უკუგების მიღება გადაწყვიტეს, ეს უკუგება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას"

592bd3cd7f9ed
დავით ჯალაღონია
29.05.17 11:51
1990
საინვესტიციო ფონდის SCHULZE GLOBAL INVESTMENT-ის მმართველი დირექტორი მიხეილ ნიბლაძე საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ინვესტორებისთვის სამუშაოდ შემაფერხებელ ფაქტორებზე საუბრობს.

როგორც მიხეილ ნიბლაძემ "საქმის კურსს" განუცხადა, SCHULZE GLOBAL INVESTMENT-ს მრავალი პროექტის განხორციელების ფინანსური საშუალება აქვს, თუმცა ერთის მხრივ, მწირი ადამიანური რესურსის, მეორეს მხრივ კი ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული ვითარების გამო, ინვესტორების მიმართულებით გადაწყვეტილების მიღება უჭირს.

"დღეს 150-მდე პროექტი არსებობს თეორიულად, რომელიც შეიძლება, საქართველოში განხორციელდეს, თუმცა უშუალოდ განხორციელების სტადიაზე ერთი ათეულია. ისმის კითხვა - ამდენი პროექტია და რატომ ფინანსდება მხოლოდ ათი, რა უშლის ხელს ამ პროექტებს? - პირველ რიგში, ალბათ ის, რომ ჩვენ სამწუხაროდ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ არ გვქონდა საშუალება, რომ სწრაფად აგვეთვისებინა ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც არსებობს მსოფლიოში. შესაბამისად, ამ თანამედროვე ტექნოლოგიების გადმოტანა, ადამიანური და ფინანსური რესურსების კონცენტრირება საქართველოში ნამდვილად არ მოხდა იმ კომპანიების მიერ, რომლებიც დღეს პროექტებს ახორციელებენ“, - აცხადებს ნიბლაძე.

მისივე განმარტებით, გარდა გამოცდილი კადრების დეფიციტისა, კრიტიკულია ელექტროეენერგიის გასაყიდად საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების ბაზრებზე არსებული გარემოებები.

"როცა აწარმოებ ელექტროენერგიას, ის უნდა გაყიდო და ამისთვის უნდა გქონდეს ან თავისუფალი ბაზარი, ან უნდა გყავდეს გარანტირებული მყიდველი. გარანტირებულ მყიდველად როგორც წესი გამოდიოდა ესკო - სახელმწიფო, თუმცა წინა წლიდან ეს პროცესი შეიცვალა და ესკო გამოდის ნაწილობრივ, 8 თვე გარანტირებულ მყიდველად, როცა ზამთრის თვეებში საქართველოს დეფიციტი აქვს და ზაფხულის თვეებში რჩები იძულებული, რომ გაყიდო. საქართველოში რომ იპოვო მყიდველი, ძნელია, თურქეთში უნდა გაიტანო, სადაც 3-4 წლის განმავლობაში ფასები საგრძნობლად დაეცა. ამის მიზეზი ბევრია, აქედან გამომდინარე იმ ინვესტორებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს საქართველოში ჩადონ ფული და მინიმალური უკუგება მიიღონ, ეს უკუგებაც გარკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეს საკითხებია, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ ე.წ დეველოპერებთან, ასევე სახელმწიფოსთან. მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი უნდა იქნას მოძებნილი, რაც ყველა დაინტერესებული მხარისთვის სასარგებლო იქნება", - მიიჩნევს ნიბლაძე.

შეგახსენებთ, რომ SCHULZE GLOBAL INVESTMENT 100 მილიონი დოლარის ფარგლებში საქართველოში მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობას გეგმავს და ამისთვის შესაბამისი პროექტების შერჩევას ახორციელებს.