Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"GEM-Fest-ის ბილეთების ფასს ბაზარი დაარეგულირებს და მას თავისი კურსი ექნება ყველა ვალუტასთან"

56f295c552337
BM.GE
23.03.16 17:08
1107
ანაკლიაში 11-14 აგვისტოს GEM Fest-ი მეორედ გაიმართება. ფესტივალის ბილეთების გაყიდვა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. 29 მარტიდან კი ბილეთების შეძენა განსხვავებული პირობებით მოხდება. თემაზე "ბიზნესკონტაქტი" ფესტივალის ორგანიზატორს, გიორგი სიგუას ესაუბრა. 
 
- ბატონო გიორგი, როგორც ვიცით, აქამდე გამოუცდელ მეთოდს მიმართავთ, როგორ გაიყიდება ბილეთები?

- ბილეთები უკვე ძალიან კარგად იყიდება და ყველაფერი იმაზე უკეთესად მიმდინარეობს, ვიდრე ამ კუთხით დაგეგმილი იყო. 29 მარტიდან, GEM Fest-ის ბილეთების მორიგი გაძვირება მოხდება.

ფესტივალის ბილეთი ერთადერთი ვალუტა და ფასიანი ქაღალდია მსოფლიოში, რომლის კურსი არასდროს კლებულობს, ის მხოლოდ იზრდება, ამიტომაც გადავწყვიტეთ ნოვაცია დაგვენერგა და ბილეთის ფასი ჩვენ თვითონ არ დაგვედგინა.

ბილეთის ფასს ბაზარი, მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი დაარეგულირებს და მას თავისი კურსი ექნება ყველა ვალუტასთან მიმართებაში. შესაბამისად, ჩემი ვალუტა, ანუ ჩემი ბილეთი მსოფლიოს სავალუტო ბაზრებზე გავა და ძალიან მყარი და მხოლდ მზარდი კურსი ექნება. ინვესტირება GEM-ბილეთში და ფასიან ქაღალდებში ყველაზე მომგებიანი ინვესტიცია იქნება.

- საიდან გაგიჩნდათ ეს იდეა და ზოგადად არსებობს თუ არა მსგავსი გამოცდილება?

- ჩვენ ბილეთების გაყიდვა, 25 ნოემბერს დავიწყეთ, ფესტივალამდე საკმაოდ ადრე. ბევრს არ სჯეროდა და სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი, რომ ამდენი ხნით ადრე ბილეთები გაიყიდებოდა. მაგრამ როგორც კი ჩვენ ბაზარზე ბილეთების გარკვეული რაოდენობა გამოვიტანეთ და ადამიანებს ვუთხარით, რომ ბილეთი საბოლოო ჯამში 250 ლარი ეღირებოდა და ახლა ჩვენ მას 50 ლარად ვყიდით, - რამოდენიმე ათასი ბილეთი გაიყიდა, ოღონდ ისე, რომ მომხმარებელმა არც პროგრამა, არც Line-up-ი იცოდა, - მხოლოდ ფესტივალის ჩატარების თარიღები.

დღეისთვის, იმ პირობებში რომ ფესტივალის დაწყებამდე 5 თვეა დარჩენილი, უკვე მეტი ბილეთია გაყიდული, ვიდრე - შარშან. ეს ფესტივალის მიმართ, დიდ ინტერესზე მეტყველებს და ნიშნავს, რომ ჩვენ აგვისტოში რამდენჯერმე მეტი ადამიანი გვეყოლება ფესტივალზე.

- როგორია თქვენი მოლოდინები, გაამართლებს ბილეთების გაყიდვის ეს ახალი მეთოდი?

- ბუნებრივია, რომ ეს გაამართლებს. იმიტომ, რომ ბუნებაში პრაქტიკულად არ არსებობს ფასიანი ქაღალდი ან რაიმე ვალუტა, რომლის კურსი მხოლოდ იმატებს, ანუ ჩვენი GEM-ბილეთი ნახევრად ხუმრობა, ნახევრად რეალობაა, თუმცა საბოლოო ჯამში ფინანსურად ნებისმიერი მომხმარებლისა თუ ინვესტორისთვის ჯიბეზე აისახება.

- რა ფორმით აისახება?

- როდესაც თქვენ აბანდებთ თანხას და მას 50 ლარად ყიდულობთ, ხოლო ის შემდეგ ბაზარზე 200 ლარი ღირს, ბუნებრივია, რომ თქვენ 150 ლარს გამოიმუშავებთ. საბოლოოდ, ჩემი ბილეთები არა მხოლოდ ვალუტად დარჩება და ბაზარი დაარეგულირებს მის ფასს, არამედ ფასიან ქაღალდად გარდაიქმნება, ანუ თქვენ შეიძენთ არა მხოლოდ ფესტივალში მონაწილეობის და გართობის უფლებას, არამედ თქვენ გახდებით ფესტივალის ერთ-ერთი მეპატრონე. ანუ თქვენ ფესტივალის წილს შეიძენთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ფესტივალი კომერციულად წარმატებული გამოდგება, თქვენ გეძლევათ შანსი არა მხოლოდ თქვენი ინვესტიცია დაიბრუნოთ უკან, არამედ გამოიმუშაოთ კიდეც რაღაც თანხა. ეს არ არის შორეული პერსპექტივა, მე გეუბნებით იმას, რაც წელს მოხდება. GEM Fest-ის ბილეთის ფასს ჩვენ აღარ დავადგენთ, არამედ მას ბაზარი დაარეგულირებს. სომხეთი სომხურ დრამთან მიმართებაში, აზერბაიჯანი აზერბაიჯანულ მანათთან მიმართებაში, ხოლო ქართული ბაზარი ლართან მიმართებაში. მთლიანად მსოფლიო კონვერტირებად ვალუტებზე თუ ვისაუბრეთ აშშ დოლარზე, ევროზე და ა.შ. ამას უკვე მსოფლიოს დიდი სავალუტო ბაზრები დაარეგულირებს.

29 მარტს ბილეთების ფასის კურსი უცილებლად გაიზრდება, ამ წუთას ლართან მიმართებაში ის 100 ლარი ღირს და კიდევ 5 დღეა დარჩენილი, რომ ყველაზე მომგებიან გართობაშიც და ბიზნესშიც დავაბანდოთ ფული. იქით კვირაში ეს ბილეთები უკვე აზერბაიჯანულ ბაზარზე გაგვაქვს.