Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" კანონში ცვლილებები შევიდა

592c164f16585
სალომე მეცხვარიშვილი
29.05.17 17:18
1287
"გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა. შედეგად:

• კრედიტორის ინიციატივით დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება მოვალის გაკოტრებით სრულდება არაუგვიანეს 225 დღისა
 
• ამასთან, კანონს დაემატა ახალი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ შეიძლება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს, ეროვნული ბანკისა და 3 კრედიტორის ერთობლივი მოთხოვნის გარდა, სხვა კრედიტორის განცხადების საფუძველზედაც, თუ ეს კრედიტორი წარადგენს არგუმენტირებულ განცხადებას მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის აუცილებლობის შესახებ.

• ამასთან, ახალი რედაქციით, მოვალე უფლებამოსილია განცხადებით მოითხოვოს როგორც რეაბილიტაცია, ისე გაკოტრება.

• გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან: ჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღსრულება მალფუჭებადი ნივთის მიმართ ხორციელდება) და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება. აღსრულების შედეგად ამოღებული თანხა სამეურვეო ქონებაში მიიმართება;

• მიმდინარე სესხის ხელშეკრულების ფარგლებში სასესხო ვალდებულების აღება შესაძლებელია მხარეთა მიერ დამატებითი ნების გამოვლენის საფუძველზე, მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით;

• გრძელდება მოვალის საქმიანობის უწყვეტობისათვის არსებითი საქონლის/მომსახურების მიწოდება და ამ საქონლის/მომსახურების მოვალისთვის მიმწოდებელ პირს ეკრძალება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის საფუძვლით იმ ხელშეკრულების შეწყვეტა, რომელიც ითვალისწინებს მოვალის სასარგებლოდ მისი საქმიანობის უწყვეტობისათვის არსებითი საქონლის/მომსახურების მიწოდების დაწყებას ან/და გაგრძელებას, თუ მოვალე ასრულებს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შემდეგ წარმოშობილ ვალდებულებებს. აღნიშნულ პირს ხელშეკრულების ან საქონლის/მომსახურების მიწოდების შეწყვეტა შეუძლია მნიშვნელოვანი გარემოების არსებობისას, მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მოვალემ ამ პირის მიმართ არ შეასრულა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შემდეგ წარმოშობილი ვალდებულება და მისი შეუსრულებლობიდან გასულია 14 სამუშაო დღეზე მეტი.“.

რაც შეეხება კრედიტორთა ინფორმირებას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში, ამ მიმართულებითაც არის ცვლილებები:

• სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მოვალეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის თაობაზე. 

• მეურვე ვალდებულია კრედიტორთა პირველ კრებაზე მიაწოდოს კრედიტორებს მის ხელთ არსებული ინფორმაცია მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ფინანსური ინფორმაცია საწარმოს აქტივებისა და ვალდებულებების, მისი ქონებრივი მდგომარეობის, მიმდინარე სასამართლო დავების, სამეურვეო ქონების შემადგენლობისა და ღირებულების, მის მართვასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხების, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედებების თაობაზე, აგრეთვე მოვალესთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ფინანსური ინფორმაცია.

• კრედიტორს ან/და კრედიტორთა კრებას შეუძლია გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას ნებისმიერ დროს მოითხოვოს ფინანსური ინფორმაცია მოვალის შესახებ.
კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედებებს დაემატა ახალი პუნქტები.

ამასთან, ახალი რედაქციით 6 თვიდან ერთ წლამდე გაიზარდა ვადა, რომლის მიხედვითაც კრედიტორისათვის ზიანის მომტანად ჩაითვლება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანამდე 1 წლის განმავლობაში განხორციელებული შემდეგი ქმედებები:

• მოვალის ქმედება, რომელმაც ხელი შეუშალა კრედიტორთა თანაბარზომიერ დაკმაყოფილებას და კონკრეტულ კრედიტორს უპირატესობა მიანიჭა იმავე რიგის სხვა კრედიტორებთან შედარებით;

• მოვალის მიერ ისეთი გარიგების დადება ან სხვა ისეთი ქმედების განხორციელება, რომელსაც შედეგად მოჰყვა სამეურვეო ქონების გაუფასურება (მათ შორის, სამეურვეო ქონების ან მისი ნაწილის გაჩუქება ანდა საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გასხვისება, ვალის პატიება და სხვა).

• კრედიტორს ან გაკოტრების მმართველს/რეაბილიტაციის მმართველს უფლება აქვს, სარჩელით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ამ მუხლით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობა ან/და ზიანის ანაზღაურება

• რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილებები შეიტანება უზრუნველყოფილ კრედიტორთა გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო თუ უზრუნველყოფილი კრედიტორი არ არსებობს – კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე. რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილებების შეტანა სასამართლომ უნდა დაამტკიცოს. სასამართლო ამტკიცებს რეაბილიტაციის გეგმაში შეტანილ ცვლილებებს, თუ ეს ცვლილებები შეესაბამება იმ პრინციპებს, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას