Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"გადავწყვიტეთ, რომ გავზარდოთ დიასპორული ორგანიზაციებისა და საკვირაო სკოლების მხარდაჭერა"

592935564fbd9
BM.GE
27.05.17 12:09
835
ჩვენს დიასპორას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები, ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში და თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში და ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" მონაწილეებს.

მთავრობის მეთაურმა ყველას კიდევ ერთხელ განსაკუთრებულად მიულოცა დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი - საყოველთაო დღესასწაული, არა მხოლოდ თბილისის ქუჩებში, არამედ აქართველოს სხვა ქალაქებშიც, რომელიც მთელმა საქართველომ ერთხმად იზეიმა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ პოზიტიური ემოციისა და სიხარულის ფონზე იმართება დიასპორის ფორუმი და დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართული დიასპორის დღეს. დღევანდელი ჩვენი შეკრება და ეს ფორუმი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს სჭირდება თითოეული თავისი თანამემამულე, მათი ინტელექტუალური პოტენციალი და პროფესიული გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, ჩვენს დიასპორას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები, ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში და თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში და ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში. მჯერა, რომ სწორედ თქვენთან ერთად, მთელ მსოფლიოში გაფანტულ ჩვენს თანამემამულეებთან ერთად, ჩვენ შევძლებთ, ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. ქართული სახელმწიფოსთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქტიური მონაწილეობა იმ ქვეყნების ცხოვრებაში, სადაც დღეს თქვენ მოღვაწეობით", - მიმართა პრემიერმა ქართულ დიასპორას.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქართული დიასპორის ასობით ათასი წარმომადგენელი წარმოადგენს საქართველოს უმნიშვნელოვანეს რესურსს, სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პროცესში; საქართველოს, როგორც უძველესი ცივილიზაციის, უძველესი კულტურის პოპულარიზაციასა და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო დადებითი იმიჯის დამკვიდრების საქმეში.

„თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია იმ მიმართულებითაც, რომ ფართო აუდიტორია იყოს ინფორმირებული საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესახებ. ამიტომაც ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თქვენ ჩაერთოთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებულ საინფორმაციო ცენტრებში და მათ საქმიანობაში მიიღოთ ძალიან აქტიური მონაწილეობა. ეს ცენტრები ემსახურება საქართველოს, როგორც ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყნის, იმიჯის წარმოჩენას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი მექანიზმის - სახალხო დიპლომატიის ეფექტიანი მუშაობა და ამ პროცესში თითოეული თქვენგანის მაქსიმალური ჩართულობა. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ დიასპორაში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და განათლების საკითხებს. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, რომ გავზარდოთ დიასპორული ორგანიზაციებისა და საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ ჩვენს ახალგაზრდებს, უცხოეთში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს; განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ქართული ენის შესწავლას ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სამშობლოში ახალგაზრდა, პროფესიონალი კადრების მოსაზიდად. შევქმენით ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემთა ბაზა და ვიმუშავებთ აქტიურად ახალგაზრდობის თითოეულ წარმომადგენელთან, რათა არც ერთი მისხალი რესურსი არ დაიკარგოს ჩვენი ქვეყნისთვის. გაღრმავდება ასევე პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი" და დიასპორული სტაჟირების პროგრამა. საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულო დაწესებულებებში ძლიერდება დიასპორასთან ურთიერთობის მიმართულება, რაც საშუალებას მოგვცემს უკეთ შევისწავლოთ დიასპორის წინაშე არსებული პრობლემები და რა თქმა უნდა, მივეხმაროთ მათ ამ პრობლემების გადაჭრაში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დიასპორის მიერ ინვესტიციების განხორციელებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. პრემიერმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესში დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობის მზარდ ტენდენციას ბოლო პერიოდში.
„გასული წლის განმავლობაში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიხილეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების მხრიდან, რაც ძალიან იმედისმომცემია. ჩვენი მხრივ, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ ჩვენი დიასპორის დაინტერესებას საქართველოში ბიზნესის წარმოებით, ასევე გვაქვს იმედი, რომ თქვენ ძალ-ღონეს არ დაიშურებთ, რათა საერთაშორისო ბიზნესწრეებში პოპულარიზაცია გაუწიოთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს. ჩვენ სპეციალური ჯილდოებით წავახალისებთ დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც საზღვარგარეთ გამორჩეულად წარმატებული ადამიანები არიან, თავიანთი წვლილი შეიტანეს იმ ქვეყნების წინსვლაში, სადაც ისინი ცხოვრობენ; ასევე, სპეციალური სახელმწიფო ჯილდოებით წავახალისებთ დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.