Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ფრუტილიას" ხელმძღვანელი: ახალი რეგულაცია პროდუქციის ექსპორტს გვირთულებს

56e28b3937296
BM.GE
11.03.16 13:06
941
შემცირებული ექსპორტის ფონზე, სახელმწიფო კომპანიებს ბიუროკრატიულ ბარიერებს უქმნის. კომპანია "ფრუტილიას" ხელმძღვანელი, ვახტანგ ბეჟიტაშვილი "საქმიან დილასთან" საუბრისას აცხადებს, რომ ექსპორტისთვის შესაბამისი საბუთების სიას სოფლის წარმომადგენლის ცნობაც დაემატა, რაც მეწარმეებს პრობლემებს უქმნის.
 
- ბატონო ვახტანგ, ამჯერად რა პრობლემების წინაშე ვართ, რა ბარიერები შეიქმნა?

- ექსპორტის განხორციელებისთვის გარკვეული დოკუმენტაციაა საჭირო, რაც აქამდე არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. ჩვენ დაახლოებით ოთხი წელია ამ ბიზნესით ვართ დაკავებული, გარკვეულ ბარიერებთან ყოველთვის გვქონდა შეხება, მაგრამ ამ დონის ჯერ-ჯერობით არ ყოფილა. ჩვენი პროფილია - ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი. მოსახლეობაში შესაბამის პროდუქციას შევიძენთ, ვფუთავთ და ექსპორტზე გაგვაქვს. ჩვენი ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია - რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი და კონკრეტული გეგმები ევროპის მიმართულებითაც გვაქვს.

- რა პრობლემები შეიქმნა საქართველოში ამ ქვეყნებთან ურთიერთობაში?

- ჩვენ ამჯერად პრობლემა გვაქვს წარმოშობის სერტიფიკატთან დაკავშირებით. ეს ის ძირითადი დოკუმენტია, რომელიც პროდუქტის წარმომავლობას ადასტურებს. როდესაც განბაჟების პროცედურა იწყება ყველა იმპორტიორი ქვეყანა პროდუქციის დამადასტურებელ მოწმობას ითხოვს, თუ სად არის ის წარმოებული. ამისთვის შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებაში უნდა წარვადგინოთ ინვოისი, ხელშეკრულება და შესყიდვის აქტი, სად არის ეს პროდუქცია შეძენილი. დღემდე ასე იყო, მაგრამ ახლა დამატებითი რეგულაცია მოიგონეს და ე.წ. სოფლის წარმომადგენლის ცნობას ითხოვენ, რაც თავისთავად სირთულესთან არის დაკავშირებული, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ცნობის გამცემი ერთი ადამიანია, რომელიც ამას გამგეობასთან ათანხმებს, შემდგომში საჯარო რეესტრიდან ამონაწერია საჭირო და უსასრულოდ გრძელდება. დაახლოებით 3-4 დღე სჭირდება ერთი ცნობის გაცემას და ეს მატერიალურ დანახარჯებთანაც არის დაკავშირებული.

- დღეს წარმოშობის სერტიფიკატს ვინ გასცემს?

- წარმოშობის სერტიფიკატს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებით, შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა, სერვისცენტრი და სამრეწველო-სავაჭრო პალატა გასცემს.

- ამჯერად დარჩა მხოლოდ ორი?

- რადგანაც ეკონომიკის სამინისტროს ამჟამად ფიზიკურად შენობა არ აქვს და ჩვენ ვეღარ მივაგენით სად იმყოფებიან, ამ კუთხით არ ფუნქციონირებენ. ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება, რომ შესაბამისი საბუთები მივიღოთ.

ჩვენმა კომპანიამ მხოლოდ 2015 წელს 3 000 ტონაზე მეტი ხილ-ბოსტნეული გადაამუშავა და ექსპორტზე გაიტანა. ასეთ ბარიერს აქამდე არასოდეს შევხვედრივართ. ეს პრობლემა დაახლოებით 4-5 დღის წინ წარმოიშვა, როდესაც ჩვენი წარმომადგენელი „გეზში“ მივიდა და ასეთი ბარიერი დახვდა. ჩვენ ფაქტის წინაშე დავდექით, ამ შემთხვევაში მწვანილზე იყო საუბარი, პროდუქცია უკვე დატვირთული იყო და შესაბამისი საბაჟოს გადაკვეთა სანამ ჩვენ ეს დოკუმენტი მოვიძიეთ, მანქანა უკვე დანიშნულების ადგილზე მივიდა და განბაჟებაზე პრობლემა შეგვექმნა. ფუჭებადი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია ისედაც მაღალი რისკებით გამოირჩევა და ყოველი დამატებითი ქაღალდი, დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერი ჩვენთვის საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს, რაც შესაბამისად ქვეყნის ექსპორტზე აისახება.