Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ციური სხეულების მოლოდინში", - პირველი ქართველი ასტროფოტოგრაფების წარმატება (ფოტო)

56b765c853145
BM.GE
07.02.16 19:34
1873
საქართველოში კოსმოსს 1932 წლიდან აკვირდებიან. ამ პერიოდში დაარსდა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც ასტრონომიული დაკვირვებებისთვის უნიკალური პირობებით ხასიათდება. აბასთუმანი ერთ-ერთი ადგილია, სადაც პირველი ქართველი ასტროფოტოგრაფები ღამის ცას აფიქსირებენ. Geo-Astro ქართველი ასტროფოტოგრაფებისგან შემდგარი ჯგუფია, მათ ნამუშევრებს საქართველოში ნაკლებად იცნობენ, თუმცა კამერაზე აღბეჭდილმა ქართულმა ცამ ისეთი გამოცემების აღიარება დაიმსახურაა, როგორიცაა aapodx2-ი და astrobin-ი. ქართველი ასტროფოტოგრაფების ნამუშევრები გამოცემა aapodx2-მა დღის ფოტოებადაც დაასახელა.
 
როგორც ჯგუფის წევრი, ლევან ვერძეული "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აღნიშნავს, ასტროფოტოგრაფია, ტრადიციული ფოტოგრაფიისგან განსხვავებით, ტექნიკურად გაცილებით რთულად შესასრულებელია და ერთი სურათის გადაღებას ხშირად რამდენიმე ღამეც კი სჭირდება.

"ვიზუალურ ასტრონომიას საქართველოში დიდი ისტორია აქვს და აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას უკავშირდება. ასტროფოტოგრაფია მასთან შედარებით ახალი ტენდენციაა მსოფლიოშიც და საქართველოშიც.

ასტროფოტოგრაფიის პოპულარობა მსოფლიოში იზრდება, რადგან ტელესკოპები, ასტრო კამერები და სხვა აპარატურა შედარებით ხელმისაწვდომი გახდა. თუმცა თავის სპეციფიკასთან დაკავშირებული სირთულიდან გამომდინარე, პოპულარობით მაინც ჩამორჩება ფოტოგრაფიის სხვა ჟანრებს. საქართველოში შორეული კოსმოსის გადაღებით ამჟამად მხოლოდ ჩვენ ვართ დაკავებული, ღამის ცას კი (ირმის ნახტომი, ღამის პეიზაჟები) შედარებით ბევრი ფოტოგრაფი იღებს“, - ამბობს ლევან ვერძეული.

ამ ეტაპზე Geo-Astro-ს ჯგუფი 10 წევრისგან შედგება. უახლოეს პერიოდში ქართული ასტროფოტოგრაფიის პოპულარიზაციის მიზნით, სპეციალური ვებ-გვერდიც შეიქმნება, სადაც მათი ნამუშევრები განთავსდება. როგორც ლევან ვერძეული ამბობს ასტროფოტოგრაფია მათ აძლევთ საშუალებას ცაზე დაინახონ ის, რისი დანახვაც სხვაგვარად შეუძლებელია, - თუმცა პროცესი მარტივი არ არის.

"ზოგიერთი ციური სხეულიდან იმდენად მკრთალი შუქი აღწევს ჩვენამდე, რომ ერთი სურათის გადაღება ხშირად მთელი ღამე, ხანდახან რამდენიმე ღამეც კი გრძელდება. ერთმა შეცდომამ შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაყაროს.

ხშირად გვეკითხებიან, მართლა ისე ჩანს თუ არა ციური სხეულები ცაზე, როგორც ეს ასტრო სურათებზეა. კარგი იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანის თვალს დაყოვნების უნარი არ აქვს, ანუ არ შეუძლია გარკვეული დროის განმავლობაში შეკრიბოს სინათლე, ერთიანად გარდაქმნას გამოსახულებად და მიაწოდოს ტვინს. სამაგიეროდ ეს ფუნქცია ფოტოაპარატს აქვს", - ამბობს ლევან ვერძეული.

გადაღება, ქალაქისგან მოშორებით, დაუსახლებელ პუნქტებში ხდება, სადაც "სინათლით დაბინძურების" დონე ნაკლებია. ციური სხეულების დასაფიქსირებლად, ასტროფოტოგრაფებს ამინდის გათვალისწინებაც უწევთ, როგორც ლევან ვერძეული ამბობს, ხშირად ჯადოსნური კადრის გაფუჭება ქარსაც კი შეუძლია.