Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ჩვენი სკოლა 20-20" - სიახლეები განათლების სისტემაში

598daefa1fa84
BM.GE
11.08.17 18:00
1515
ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს ის სიახლეები გააცნო, რაც სისტემაში უკვე განხორციელდა და ახლო მომავალში დაინერგება.

ზოგადი განათლების კუთხით, მინისტრმა ვრცლად ისაუბრა მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაზე გაწერილ ახალ პროექტზე „ჩვენი სკოლა 20-20“, რომლის განხორციელება, ყველა სკოლას თანაბარ პირობებში ჩააყენებს . 

საშუალო საფეხურზე შეიცვლება ეროვნული სასწავლო გეგმა. კერძოდ, განათლების სამინისტროს ცნობით, შინაარსობრივად პროგრამები განიტვირთება, მეტი აქცენტი პრაქტიკულ აქტივობებზე და საპროექტო სწავლებაზე გაკეთდება. გაჩნდება მეტი შესაძლებლობა ფორმალური გაკვეთილების არასაგაკვეთილო სივრცეში გადატანისა (ექსკურსიები მუზეუმებში, კვლევების ჩატარება ველზე); რაც შეეხება სასკოლო სახელმძღვანელოებს, მისი შეფასება მოხდება მეტი და მრავალფეროვანი კრიტერიუმებით. მნიშვნელოვანია, რომ მის შეფასებაში პირველად ჩართული იქნება საზოგადოება - ავტორების მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელოების პროექტები განთავსდება განათლების სამინისტროს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის, რომელთაც შეეძლებათ, სამინისტროს საკუთარი შენიშვნები, რეკომენდაციები და შეფასებები შესთავაზონ.

"იმისათვის რომ სასწავლო პროცესი აქტიური და საინტერესო გახდეს, ახალი სასწავლო წლიდან, სამინისტრო, საწყის ეტაპზე, მცირეკონტიგენტიან სკოლებში საპილოტე რეჟიმში სამაგიდო თამაშის შეტანას იწყებს, რაც მოსწავლეს უვითარებს როგორც გუნდურობის შეგრძნებას, ასევე, სწავლისადმი ინტერესსა და მოტივაციას აუმაღლებს. გარდა ამისა, გაორმაგდება უკვე დანერგილი თავისუფალი გაკვეთილები, ხოლო ზამთრისა და ზაფხულის ბანაკებში, გაცილებით მეტი ბავშვი დაისვენებს.
საექსკურსიო პროგრამის ფარგლებში, შეიქმნება ერთიანი სივრცე საექსკურსიო ადგილების შესახებ, რაც ერთის მხრივ მასწავლებლებს მისცემს საშუალებას უფრო ნაყოფიერად დაგეგმონ დრო, მეორეს მხრივ წაახალისებს სერვისის პროვაიდერებს. მნიშვნელოვანია, რომ მცირეკონტინგენტიანი სკოლების მოსწავლეებისთვის თემატური ექსკურსიები სრულად იქნება დაფინანსებული.

უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის გაიზრდება დისტანციური ქართული ენის გაკვეთილები და გაფართოვდება ქვეყნების ქსელიც. ამ ეტაპზე, 500-მდე გაკვეთილი 21 ქვეყანაში ჩატარდა, რომელშიც 200 ბავშვი და 35 მასწავლებელია ჩართული. გაკვეთილები ტარდება როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, დანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და ა.შ.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ასევე სკოლების რეაბილიტაციაზე და ახალი სკოლების ახალი ტექნოლოგიებით აშენებაზე. მან ხაზი გაუსვა ასევე სკოლებში შრომის გაკვეთილების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯანსაღი კვების დანერგვას. კერძოდ, სკოლებში აიკრძალება წასახემსებლების (ჩიფსები, ე.წ სუხარიკები, ჟელიბონები), კანფეტების, შოკოლადების, გაზიანი სასმელების (გარდა გაზიანი მინერალური წყლისა) გაყიდვა. ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ფარგლებში, ექიმ-ნუტრიციოლოგების რეკომენდაციითა და ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სამინისტრო თბილისის რამდენიმე დიდკონტინგენტიან სკოლაში, საპილოტე პროექტს განახორციელებს, რომლის თანახმად, კვირაში ერთხელ მოსწავლეები დასვენებაზე ვაშლს უფასოდ მიიღებენ.

პროფესიული განათლების კუთხით, ალექსანდრე ჯეჯელავამ დუალური განათლების მიღწევებზე, საერთაშორისო პარტნიორებზე და იმ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რაც ახალგაზრდების დაინტერესებას პროფესიული განათლების კუთხით მნიშვნელოვნად გაზრდის. კერძოდ, ცხრაკლასდამთავრებული მოსწავლე, რომელიც პროფესიულ სასწავლებელში შევა, ის არა მხოლოდ პროფესიას შეიძენს, სკოლის ატესტატის აღებასაც შეძლებს, რაც საშუალებას მისცემს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძოს.

პროფესიული განათლების კუთხით, უმნიშვნელოვანესი სიახლეა ისიც, რომ სახელმწიფო კერძო პროფესიულ კოლეჯებს დააფინანსებს. ამასთან, მოხდება პროფესიული უნარების აღიარება“, - განმარტავენ განათლების სამინისტროში.