Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა უახლოეს ხანში ამოქმედდება"

5970552c7a387
BM.GE
20.07.17 10:59
817
„ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს იმ შედეგების, რაც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ამოქმედებამ უნდა მოუტანოს როგორც საქართველოს, თურქეთს და აზერბაიჯანს, ასევე რეგიონის ქვეყნებს. იმედი მაქვს, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტი მალე ამუშავდება“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ თურქეთში ვიზიტისას განაცხადა.

გიორგი გახარია ყარსში თურქეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს, აჰმეთ არსლანს შეხვდა და მასთან ერთად ყარსიდან საქართველო-თურქეთის საზღვრამდე პირველი მატარებლით იმგზავრა ახალ სარკინიგზო მონაკვეთზე, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტისთვის აშენდა. ორი ქვეყნის მინისტრებთან ერთად საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის რკინიგზის ხელმძღვანელები, თურქეთის სამთავრობო და კერძო უწყებების ასზე მეტი წარმომადგენელი და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.

„ჩვენი შეხვედრის მიზანია, ვნახოთ, რა ეტაპზე ვართ და როდის შეიძლება ეს პროექტი ამოქმედდეს, რადგან სამივე ქვეყანას დიდი მოლოდინი გვაქვს იმ შედეგების, რაც ამ რკინიგზის ამოქმედებამ უნდა მოგვიტანოს. ამ პროექტს აქვს დიდი მასშტაბი, ის იძენს რეგიონალურ დატვირთვას და ამის დასტურია ყაზახეთიდან ჩვენი კოლეგის აქ ყოფნაც. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტში კიდევ უფრო მეტი ქვეყნები ჩაერთვებიან და იქნება უფრო დიდი ეკონომიკური ეფექტი. გამოვთქვამ, სურვილს, რომ რაც შეიძლება მალე ამუშავდეს ეს პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური წინსვლის გაძლიერებას“ - განაცხადა გიორგი გახარიამ და თურქეთის ტრანსპორტის მინისტრს მასპინძლობისა და ღონისძიების ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ოთხი ქვეყნის დელეგაციებმა, გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე, ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე აშენებული საკონტეინერო ტერმინალი და ახალქალაქის ვაგზალი დაათვალიერეს, სადაც უკვე დასრულებულია კონსტრუქციების მშენებლობა და შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გახსნის ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან ერთად ჩამოსულები არიან ყაზახი კოლეგები. ჩვენ თურქეთთან, აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად ჩამოყალიბებული გვაქვს ასოციაცია „შუა დერეფანი,“ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც დააკავშირებს შუა აზიის ქვეყნებს ჩვენს რეგიონთან, თურქეთთან, ჩინეთს დააკავშირებს ჩვენი რეგიონისა და ევროპის ბაზრებთან. ჩვენი შეხვედრის მიზანია, რომ გავეცნოთ პროგრესს, რომელიც არსებობს როგორც თურქეთის მხარეს, ასევე საქართველოს მონაკვეთზე და გამოვთქვამთ იმედს, რომ უახლოეს მომავალში ამ დერეფანს უკვე პირველი ბლოკმატარებელი გაივლის“ - განუცხადა ჟურნალისტებს „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელმა, მამუკა ბახტაძემ.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა 2015 წლის 29 იანვარს გაიარა. ამჟამად პროექტის უდიდესი ნაწილი დასრულებულია და მისი ამოქმედება უახლოეს პერიოდში იგეგმება.