Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ანაკლიის პორტმა უნდა გააძლიეროს საქართველოს მნიშვნელობა ახალ აბრეშუმის გზაზე"

56e12fe6ce291
BM.GE
10.03.16 12:25
965
ქალაქ ვაშინგტონში მიმდინარე გლობალური ინფრასტრუქტურული ფორუმის ფარგლებში, ფორუმის ორგანიზატორებისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ორგანიზებითა და აშშ–ში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მიღება გაიმართა, რომელიც საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.
 
ვიცე–პრემიერმა ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მისი მოსახლეობისთვის, არამედ რეგიონისთვის და ისეთი გლობალური სატრანსპორტო–ლოგისტიკური მიმართულებისთვის, როგორიცაა ახალი აბრეშუმის გზა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გლობალური ინფრასტრუქტურის ფორუმი ის პლატფორმაა, სადაც ქვეყნებს ეძლევათ შესაძლებლობა, ფართო საზოგადოებას გააცნონ წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მათ ქვეყნებში მიმდინარეობს ან სამომავლოდ უნდა განხორციელდეს. მისი განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წარდგენა მსოფლიო მასშტაბით არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამით აღნიშნული პროექტი საერთაშორისო მასშტაბით გაცილებით ცნობადი გახდა და მიიღებს ყველა მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რაც პროექტს განხორციელებისთვის ესაჭიროება.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტში, მხოლოდ პირველ რამდენიმე ფაზაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 550 მილიონზე მეტი უნდა განხორციელდეს. ასევე მნიშვნელოვანი იქნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარება, რომელიც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციაა და შექმნის რამდენიმე ათეულ ათას ახალ სამუშაო ადგილს.

"ეს არის ის სიკეთე, რომელიც, საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანას ანაკლიის პორტის განვითარებამ უნდა მოუტანოს და გააძლიეროს საქართველოს მნიშვნელობა აბრეშუმის გზაზე", – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.