Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"90 მილიონი, რომლითაც პენსიების ზრდა მოხდა, არც ერთ მუხლს არ მოაკლდება, ეს არის დამატებითი შემოსავლები"

56584c47174ad
BM.GE
27.11.15 15:32
1502
რის ხარჯზე მოხდება 2016 წლის პირველი ივლისიდან პენსიების 180 ლარამდე გაზდა. აღნიშნულ საკითხზე "ბიზნესკონტაქტში" ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური საუბრობს
 
- ოცი ლარით გაზრდილი პენსიების 180 ლარიანი ზრვარი - რატომ 2016 წლის მეორე ნახევრიდან?

- ცხადია, როდესაც ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ ბიუჯეტთან მიმართებაში მნიშვნელოვანია, რომ რესურსები მაქსიმალურად სწორად და ეფექტიანად იყოს გამოყენებული და ასევე, მნიშვნელოვანია დამატებითი ვალდებულებები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ეკონომიკის სხვა დარგების ხარჯზე არ იყოს, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ხარჯზე. ეს გადაწყვეტილება წმინდა ფისკალური მდგენელებიდან გამომდინარეა მიღებული და სრულად იზიარებს ჩვენს მთავარ დაპირებას, რომელიც გულისხმობს ადამანების და მათ შორის პენსიონრების ცხოვრების დონეზე მუდმივ ზრუნვას.

- სერიოზული ზრდა არის ნავარაუდევი პედაგოგების ანაზღაურების მიმართულებით. ითქვა, რომ საშუალო მაჩვენებელი 600-700 ლარს გაუტოლდება...

- ზუსტად ასეა. სექტემბრიდან უკვე გაიზარდა მასწავლებლების შრომის ანაზღაურება - საბაზო ხელფასი. ასევე დაგეგმილია 2016 წლის პირველი აპრილიდან მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ზრდა. საბაზო ხელფასის ზრდა ავტომატურად გულისხმობს ყველა დანარჩენი ხელფასის ზრდას და ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პედაგოგების შრომის საშუალო ანაზღაურება, რომელიც მომავალი წლის აპრილიდან იქნება 600-700 ლარი საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასს გაუთანაბრდეს.

იცით, რომ მომავალი წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება რამდენიმე სოციალური შეღავათი. მათ შორის ეს არის პენსიონერებზე და პედაგოგებზე დანამატი, ექიმებსა და ექთნებზე დანამატი და ეს ყველაფერ არ არის იმ ოც მილიონში შესული. აქ საუბარია იმაზე, რომ მთის განვითარების ფონდი ამ თანხებს მთაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის დახარჯავს. ეს ოცი მილიონი ძირითადად ინფრასტრუქტურაზე იქნება ორიენტირებული.
 
- ამ ყველაფრის ფონზე 2016 წლის ბიუჯეტის პროექტიდან გამომდინარე ბიუჯეტის დეფიციტი რა იქნება, რა პარამეტრებია?

- ბიუჯეტი უკვე ათ მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ათმილიარდიანი ზღვარი გადალახულია.

- შემოსავლების ნაწილი რა გამოდის?

- საგადასახადო შემოსავლების გეგმას ორასი მილიონით ვზრდით და 8,5 მილიარდზე მეტი იქნება საგადასახადო შემოსავლები ბიუჯეტში, მაგრამ ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვრჩებით ერთგული იმ პრინციპის, რომელსაც ფისკალური კონსოლიდაცია ჰქვია და მომავალი წლის ბიუჯეტის დეფიციტი სამ პროცენტს არ გადააჭარბებს.

ის ციფრები და პარამეტრები, რომლებიც მთავრობის სხდომაზე გამოვიდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო მისიასთან შეჯერებული და შეთანხმებულია?

- სავალუტო ფონდის მისიამ სულ რამდენიმე დღის წინ დატოვა საქართველო. ჩვენ მათთან ვმუშაობდით და მაკროეკონომიკური პარამეტრები მათთან შეთანხმებულია. ეს არის 3 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა და 3 პროცენტიანი ბიუჯეტის დეფიციტი.

- რთული იყო მათთან მოლაპარაკებები?

- ამ მიმართულებით არ იყო რთული. იმიტომ, რომ ეს არის რეალური მაკროეკონომიკური პროგნოზები, რომელიც ითვალისწინებს რეგიონში არსებულ ვითრებას საქართველოს ეკონომიკაში და რაც ყველაზე ნიშვნელოვანია მის მთავარ ეკონომიკურ პარტნიორებს შორის არსებულ მდგომარეობას.

ასეთი ოპტიმისტური განწყობიდან გამომდინარე, როდის ელით მათთან მემორანდუმის გაფორმებას, რომელზეც რამდენიმე თვეა ვსაუბრობთ. აზიმ სადიკოვმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღეა საჭირო დამატებითი კონსულტაციებისთვის. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- უკვე პროექტზე ვმუშაობთ. ეს არის ე.წ. განზრახულობათა წერილი, რომელზეც ძირითადად სამი უწყება მუშაობს - ჩვენ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი. ჩვენ ჩვენი პოზიციები ჩამოყალიბებული გვაქვს, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კომუნიკაციას ვაგრძელებთ და სავარაუდოდ უკვე რამდენიმე დღეში ჩვენ მოვახერხებთ აღნიშნული წერილის გაგზავნას და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში სავალუტო ფონდის საბჭო მისიას წარმატებით დაასრულებს.

- რამდენიმე დღის წინ ეთერში პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმაც დაადასტურა ეროვნულ ბანკში ზედამხედველობის სამსახურის არსებობა, დღეს იურიდიულად ეს სტატუს ქვო აღდგენილია. ხომ არ დარჩა კიდევ რაიმე გადაულახავი წინააღმდეგობა, რომ მემორანდუმს ხელი მოეწეროს?

- საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენ ვმუშაობთ, მათ შორის იმ მიმართულებითაც, რომ მაქსიმალურად ვუზრუნველყოთ ზედამხედველობის სააგენტოს დამოუკიდებლობა. ამ მიმართულებით, მათგან მიღებული პრაქტიკულად ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება შესაძლებელია. როდესაც კანონი სრულად ამოქმედდება არანაირი გადაულახავი წინააღმდეგობა ამ მიმართულებით, ფონდის მხრიდან აღარ იქნება.

- წლის დასაწყისში ყველა საუბრობდა, რომ პენსიის 180 ლარამდე გაზრდის რესურსი არ იყო. რეალურად რა მუხლებს მოაკელით, რისი გადათამაშება მოხდა, ეს არ იქნება მხოლოდ საგადასახადო შემოსავლების ზრდის ხარჯზე. რა გადათამაშება მოახერხა ფინანსთა სამინისტრომ სოციალური ხარჯების ზრდის მიმართულებით?

- უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამაზე მუშაობა დღეს და გუშინ არ დაგვიწყია. რამდენიმე ვარიანტს ვიხილავთ პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში, მათ შორის აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს პარლამენტის წევრები და მაკროეკონომიკურ პროგნოზებს მათთან ერთად გავდიოდით. უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებას არ ვაპირებთ. ჩვენი ყველა განცხადება და გადაწყვეტილება მაკროეკონომიკურ გათვლებს ემყარება, მაგრამ ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ის 90 მილიონი ლარი, რომლითაც საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაიზრდება არ მოაკლდება არც ერთ სხვა მუხლს. ეს არის დამატებითი შემოსავლები, რომელსაც ჩვენ მივიღებთ ეკონომიკის ზრდის კვალობაზე და შესაბამისად, აღნიშნული თანხები მოსახლეობის სოციალურად უზრუნველყოფის საკითხს მოხმარდება.