Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართული თხილის "ევროპული ამბავი" - ვინ აზიანებს პროდუქციის რეპუტაციას?

56c9be158da5a
სოფო ბერიძე
21.02.16 19:00
1717
შეტყობინება ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემაში - გერმანიამ საქართველოდან რეალიზაციისთვის გამზადებული ქართული თხილის პარტია დაბლოკა, არგუმენტით რომ თხილთან ერთად პარტიაში ძლიერი ალერგენი,მიწისთხილი, იყო შერეული. ექსპორტიორი კომპანია "გლობალ თრეიდია", პროექტ "აწარმოე საქართველოს" ბენეფიციარი, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში თხილის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებისთვის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად ქობულეთში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა.
 
რატომ გახდა ქართული თხილი ევროკავშირის განგაშის მიზეზი? "გლობალ თრეიდის", დამფუძნებელი ზვიად შავიშვილი "ბიზნესკონტაქტთან" მომხდარი ინციდენტის დეტალებზე საუბრობს. ირკვევა რომ გერმანიაში თხილის ექსპორტში ქართული საწარმოს პარტნიორი გერმანული Info service JMB Harris-ია. "გლობალ თრეიდი" და Info service JMB Harris 2015 წლის ოქტომბრიდან თანამშრომლობენ. ამ პერიოდის განმავლობაში გერმანიაში საქართველოდან თხილის ორი პარტია გაიგაზავნა. შავიშვილი ამბობს, რომ ორივე შემთხვევაში, იმპორტიორის მხრიდან კონტრაქტის დადების შემდეგ წინასწარ გადახდილი იქნა საექსპორტო თანხის 50%, მას შემდეგ რაც ქართული თხილი გერმანულ ლაბორატორიაში შემოწმდა, მოხდა თანხის სრულად ანაზღაურება. ორ წარმატებულ კონტაქტს მოჰყვა მესამე, პრობლემა სწორედ აქ იწყება.

"დაგვიდეს ხელშეკრულება მესამე მანქანაზეც, ეს იყო ნოემბერში. ამასობაში მსოფლიოში მოხდა თხილის ფასის ვარდნა. ჩვენ თხილის მესამე პარტია გაყიდული გვქონდა ძალიან მაღალ ფასში, გერმანულ კომპანიას უკვე გადმორიცხული ჰქონდა მთლიანი თანხის 50% - 97 000 აშშ დოლარი. როცა პროდუქცია გერმანიაში ჩავიდა, აბსურდული მიზეზით თხილის კალობრაციის გამო, ის უკან მოგვიბრუნეს. ჩვენ აქ ლაბორატორიული შემოწმება ჩავატარეთ, საწარმოში შემოსული იყო სურსათის ეროვნული სააგენტოც. შემოწმებამ აჩვენა, რომ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. პარტნიორ, იპორტიორ გერმანულ კომპანიას, მოვითხოვეთ ზარალის ანაზღაურება. ვფიქრობთ რომ დაწუნება ფასთა ცვლილებიდან გამომდინარეობდა. გვაქვს ყველა დოკუმენტაცია და ამ ცილისწამების გამო მოვითხოთ პასუხს", - აცხადებს "გლობალ თრეიდის" დამფუძნებელი.

ზვიად შავიშვილის წუხს იმის გამო, რომ მედიაში მათ მიმართ ბრალდებები ისე გაჟღერდა, რომ თხილის ასოციაციის ხელმძღვანელი კომპანიასთან კონტაქტზე საერთოდ არ გასულა და სიტუაციაში გარკვევა არ უცდია. მიუხედავად იმისა, რომ "გლობალ თრეიდი" ასოციაციის წევრი არ არის. შავიშვილი თხილის რეგლამენტის მოლოდინშია და ამბობს რომ რეგულაციებს მისი კომპანია მიესალმება.

ალექსანდრე მოწერელია, მეთხილეთა ასოციაციის წარმომადგენელი ზვიად შავიშვილის პასუხად ამბობს, რომ ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემაში ქართული კომპანიის მოხვედრის ფაქტის შეფასებისას, მას კომპანია არ დაუსახელებია და მხოლოდ მომხდარ ფატზე ისაუბრა. ამბობს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვისი მხრიდან ჰქონდა ადგილი ქართული თხილის ფალსიფიკაციას.

"რას ნიშნავს მიწის თხილის შერევა თხილში? ეს არის ძლიერი ალერგენი, რომელმაც, ალერგიულ ადამიანებში შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი. საფრთე არის მაღალი, სწორედ ამიტომ ინფორმაცია იქნა ატვირთული ევროკავშირის განგაშის სისტემაში. ეს პირველ რიგში არის დიდი დარტყმა ექსპორტიორი კომპანიისთვის, მიმღები კომპანიისთვის. ამან ამავე დროს ძალიან დაამძიმა ქართული თხილის საერთო სურათი. მოსავალი დიდია, რეალიზაცია ჭირს, დაზარალდა დარგი, სახელმწიფო. ქართულ თხილს ზოგადად აკლია სანდოობა ევროპის ბაზარზე, ეს არის ყველაზე იაფი თხილი მსოფლიოში, ერთ-ერთი მიზეზი სწორდ დაბალი სანდოობა", - აცხადებს მოწერელია.

მეთხილეთა ასოციაციის წარმომადგნელისგან განსხვავებით სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე პირიქით, მსოფლიოში ქართული თხილის მაღალ სანდოობაზე საუბრობს. დავით გალეგაშვილი ამბობს, რომ საქართველო თურქეთისა და იტალიის შემდეგ ამ მხრივ მესამე ადგილზეა. რაც შეეხება „გლობალ თრეიდთან“ დაკავშირებულ ინციდენტს, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ უწყებამ მიიღო შეტყობინება გერმანიიდან რომ ადგილი ჰქონდა ქართული თხილის ფალსიფიკაციას. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი მიღებული დოკუმენტები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადააგზავნა. ოთარ დანელიას უწყება ახალ გამოძიების შედეგებს ელოდება, მანამდე დავით გალეგაშვილი იმედოვნებს, რომ უშუალოდ "გლობლა თრეიდის" მხრიდან დარღვევა არ დადასტურდება.

"გადაგვზანილია ფინანსურ პოლიციაში და ის გაარკვევს რამდენად არის ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის დადანაშაულება რეალური. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს რეალობა არაა და ადგილი შეიძლება სხვა რამეს ჰქონდეს. თვითონ ფაქტში ეჭვის შეტანა შეუძლებელია - გერმანიაში აღმოაჩნიეს ქართულ თხილში მიწის თხილი, მაგრამ ვინ დაამზადა ეს მიწის თხილი ეს და სხვა საკითხები, დადგინდება გამოძიების შედეგად. „გლობალ თრეიდი“ ჩვენთვის სანდო კომპანიაა და მასში წინასწარ ეჭვს ვერ შევიტანთ. თუმცა მინდა გავაფრთხილო ყველა კომპანია, სახელმწიფო იქნება მკაცრი ყველა იმ შემთხვევაში, სადაც ფალსიფიკაცია დადასტურდება", - განაცხადა გალეგაშვილმა.

ორგანიზაცია "ოქსფამი", რომელიც თხილის დარგში კოოპერატივების გაერთიანებას აფინანსებს, ამბობს, რომ ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე გერმანიაში მომხდარ ინციდენტში, სამწუხაროა რომ ასეთი ფაქტი მოხდა. ლევან დადიანს მიაჩნია, რომ გარდა სახელმწიფო რეგულაციებისა აუცილებელია, თავად მეწარმეების მხრიდან მოხდეს ბიზნესეთიკის ნორმების დანერგვა.

"ფაქტი ახალი დამდგარია, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა გრძელავადიანი ეფექტი ექნება ამას. უნდა ვიფიქროთ რეგულაციებზე, მაგალითად თურქეთში, დანერგილია კონკერტილი პრაქტიკა - ექსპორტიორთა ლიცენზირება. თხილი იმდენად სტრატეგიული დარგია საქართველოსთვის, რომ არ გამოვრიცხავ ვიფიქრეოთ იგივე ფილტრზე“ - აცხადებს ლევან დადიანი.

ექსპორტიორთა ლიცენზირებაზე ჯერ არა, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს თხილის ტექნიკური რეგლამენტი, საკითხი გავლილია მეთხილეთა ასოციაციასთან, მეწარმეებთან, დოკუმენტს იცნობენ მსფლიოს წამყვანი კომპანიები. რეგლამენტი უახლოეს პერიოდში მთავრობის სხდომაზე განსახილვევად გავა და ამის შემდგომ უკვე ის ძალაშიც შევა. დოკუმენტის მიხედვით, შერჩევით, ან თუ საფრთხე მაღალია, სამინისტრო მეწარმეებისგან პროდუქციის ექსპორტირებამდე მის წინასწარ, ლაბორატორიულ შემოწმებას მოითხოვს. მთავრობა უცხოელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს ახალი ლაბორატორიის მოწყობაზე.

რაც შეეხება ოფიციალურ რიცხვებს, 2013 წელს საქართველოდან 166,629.8 ათასი აშშ დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა, 2014 წელს - 183,348.6 ათასი აშშ დოლარის, ხოლო გასულ წელს ექსპორტირებული თხილის მოცულობამ 176,016.0 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.