Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ქართული ქვევრის ღვინო საფრანგეთის ხუთ ქალაქში ღონისძიებებზე იყო წარდგენილი

56b4a0b4b3a1c
BM.GE
05.02.16 17:14
1493
ქართული ქვევრის ღვინო მიმდინარე კვირაში პარიზში, ბლუაში, ანჟეში, სომურსა და ორლეანში სხვადასხვა ღონისძიებაზე იყო წარდგენილი. ღვინის პროფესიონალებს, მოყვარულებს, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ შემდეგი მწარმოებლების ღვინოები: "იაგოს ღვინო", "ხოხბის ცრემლები", "რამაზ ნიკოლაძის მარანი", "ოქროს ღვინო“, "მეღვინეობა ნიკი ანთაძე", "ნათენაძის ღვინის მარანი" და "მარიამ იოსებიძის ღვინო“.

ქალაქ სომურში გამართულ ბუნებრივი ღვინოების გამოფენას ‘’La Dive Boutteille”, სადაც ქვევრის ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ, საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი დაესწრნენ. გამოფენა ტრადიციულად ცქრიალა ღვინოების მწარმოებელი კომპანიის „Ackerman” ისტორიული გვირაბში ჩატარდა. ორდღიან გამოფენაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ასობით მეღვინე მონაწილეობდა.

საფრანგეთში საქართველოს ელჩის განცხადებით, მსგავს ღონისძიებებში ქართული ღვინის წარდგენით იზრდება შესაძლებლობა, რომ საქართველო სულ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყანა.

„საფრანგეთში ქართული ღვინის წარდგენა მსოფლიო მასშტაბის აღიარებაა. აღნიშნულ ღონისძიებებზე ქართულ ღვინოს არა მარტო ფრანგები, ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც ეცნობიან, ამიტომ ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ მაქსიმალურად გავაკეთოთ ქართული ღვინის პრომოცია და წარმოდგენილი ვიყოთ ყველა მსგავს ღონისძიებაზე. შედეგები უკვე სახეზე გვაქვს, რადგან სულ უფრო მეტი და მეტი ფრანგი საუბრობს, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო“ - აღნიშნა ეკატერინე სირაძე-დელონემ.

თავის მხრივ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართული ღვინის იმიჯისთვის ქვევრის ღვინოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

"აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილია ქვევრის ღვინოები, რომელზეც უფრო და უფრო მეტს საუბრობენ საფრანგეთში. ქვევრის ღვინო ჩვენი ერთგვარი სავიზიტო ბარათია, იმისთვის რომ ქართული ღვინო უფრო ცნობილი გახდეს ამ უმნიშვნელოვანეს და უდიდეს ბაზარზე. საფრანგეთში ღვინის წარდგენით ქართული ქვევრის ღვინო ცნობილი ხდება ფაქტობრივად მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ბაზარზე. ქართული ღვინო მომავალშიც იქნება წარმოდგენილი ნატურალისტი მეღვინეების გამოფენებზე, რაშიც ქვევრის ღვინის მწარმოებლებს ღვინის ეროვნული სააგენტოც დაეხმარება", - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ქვევრის ღვინის მწარმოებლები ასევე მონაწილეობდნენ ამავე პერიოდში ქალაქ ანჟეში ჩატარებულ ბუნებივი ღვინოების გამოფენაში "Les Penitentes“. აღნიშნულ გამოფენებზე ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს მეღვინეობით სახელგანთქმული ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი.

ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანიები აღნიშნულ გამოფენებზე გასულ წლებშიც მონაწილეობენ. ქართველი მეღვინეები აცხადებენ, რომ ანჟესა და სომურის ტრადიციულმა გამოფენებმა მათ მნიშვნელოვანი იმპორტიორები შესძინა, რამაც შესაბამისად ღვინის ექსპორტის ზრდა გამოიწვია.

"La Dive Boutteille" და "Les Penitentes" საფრანგეთში ითვლება წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ბუნებრივი მეღვინეობის სფეროში, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ნატურალისტი მეღვინეები, სხვადასხვა ქვეყნის ღვინის იმპორტიორები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და სომელიეები ესწრებიან.

გამოფენებთან ერთად ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა პარიზში, ბლუასა და ორლეანში სპეციალიზირებულ ღვინის მაღაზიებსა და ბარებში. დეგუსტაციას უძღვებოდნენ ფრანგი სომელიე სებასტიან შატილონი და ფრანგი მეღვინე ტიერი პუზელატი. ქვევრის ღვინომ ადგილობრივი ღვინის იმპორტიორების, ღვინის მაღაზიებისა და რესტორნების წარმომადგენლების, ასევე ღვინის მოყვარულების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

მსგავს გამოფენებსა და დეგუსტაციებში მონაწილეობით იზრდება ქართული ღვინის ცნობადობა და პოპულარიზაცია, რაც შესაბამისად ექსპორტისა და საექსპორტო ბაზრების ზრდას იწვევს.