Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პრეზიდენტი: 2016 წელს საქართველო ორიენტირებული უნდა იყოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე

56b1d83e2b754
BM.GE
03.02.16 14:32
946
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა და 2016 წლის გამოწვევებზე ისაუბრა.
 
მისი განცხადებით, 2015 წელი რთული იყო, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება, განსაკუთრებით, განვითარებად ბაზრებზე; დოლარის გამყარება; ნავთობის ფასის ისტორიულ მინიმუმამდე დაცემა; რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ამ ორი ქვეყნის ეკონომიკური რეცესია; რუსეთ-თურქეთის პოლიტიკური დაძაბულობის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური სირთულეები.

პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის იმ გამოწვევების ჩამონათვალი, რომლებთანაც მსოფლიოსთან ერთად საქართველოს ეკონომიკასაც უწევდა გამკლავება მთელი წლის განმავლობაში.

მისი თქმით, მოსახლეობის თითქმის მეხუთედი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში იმყოფება. მაღალია სიღარიბისა და უთანასწორობის, მაჩვენებლები. საგანგაშოდ მაღალია ბავშვთა და, განსაკუთრებით, დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი 20%-ს არ აღემატება. მძიმეა უმუშევრობის მაჩვენებლები, ხოლო დასაქმებულთა შორის არაპროპორციულად მაღალია საჯარო სექტორში მომუშავეთა წილი.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსათვის მარტივი, არც 2016 წელი იქნება განსაკუთრებით კი, განვითარებადი ქვეყნებისთვის.

„შეზღუდული რესურსების ფონზე ბუნებრივად გაიზრდება კონკურენცია ქვეყნებს შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მხრივ. მიმდინარე რეგიონული და გლობალური გამოწვევების ფონზე კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ თანამედროვე რეალობაში გამოუყენებელი შესაძლებლობები უკან დახევას ნიშნავს.

როგორც თანამედროვე ევროპული ქართული სახელმწიფოს შემოქმედი, ილია ჭავჭავაძე ამბობდა - “აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე”. ამიტომ, ზემოთაღწერილი რთული ვითარებიდან გამოსასვლელად განსაკუთრებით პრობლემატურია პროცესების ტემპი“, -აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო უნდა აჰყვეს დღევანდელი ცივილიზაციის რიტმსა და და მუდმივად ცვლად, განვითარებად სამყაროში უნდა მოახდინოს შესაძლებლობებისა და კონკურენტული უპირატესობების სწრაფი და ეფექტური ათვისება - 2016 წელს საქართველო ორიენტირებული უნდა იყოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე.

პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების გაძლიერებით და კაპიტალის გლობალურ ბაზარზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდით, სახელმწიფომ დიდი სამუშაო უნდა გასწიოს.

პრეზიდენტი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანს უწოდებს და მიესალმება პრემიერმინისტრის ოთხ ძირითად ინიციატივას 

· სამუშაო ადგილების შექმნაზე ორიენტირებულ რეფორმებს,
· მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ბიზნესის ჩართულობას და შესაბამისად, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველყოფას,
· აქცენტს რეგიონულ განვითარებასა და რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე,
· განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების საჭიროებას.