Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ოთარ დანელია: რაჭის რეგიონს მეფუტკრეობის დარგის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია

56dbf2f675b23
BM.GE
06.03.16 13:02
1178
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ ფერმერებსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოში მეფუტკრეობის დარგის განვითარების პერსპექტივებზე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით შემუშავებულ პროგრამაზე ისაუბრა. ოთარ დანელიამ „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ლენტეხის, ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტებში მოქმედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს 1200-ზე მეტი სკა გადასცა.
 
"რაჭის რეგიონს მეფუტკრეობის დარგის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ პოტენციალის ათვისებას, წარმოებული პროდუქციის ხარისხისა და მოცულობის ზრდას, ასევე თაფლის წარმოების მიკვლევადობას, რაც ევროპის ბაზარზე ქართული თაფლის რეალიზაციის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 100-მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ჯამში 7 000-ზე მეტი სკა გადაეცემა“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროგრამის ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მეფუტკრეობის 28 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ჯამში 1901 სკა გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ 29 თებერვლიდან 16 მარტის ჩათვლით „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართვის მსურველი კოოპერატივების რეგისტრაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. კოოპერატივებს პროგრამაში დარეგისტრირება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდის საშუალებით შეუძლიათ.

"პროგრამის მონაწილე კოოპერატივებს მათთვის სასურველი მასალის - ხის ან პენოპოლისტიროლის სკები თანადაფინანსებით, ღირებულების 30 %-ად გადაეცემათ. კოოპერატივს, მოთხოვნის შესაბამისად, შეუძლია მიიღოს 1 ცალი 12 ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი) ან/და 2200 ლიტრის ტევადობის თაფლის შესანახი ავზები“, - განაცხადა გიორგი მიშელაძემ.

როგორც ფერმერებთან შეხვედრაზე აღინიშნა, სახელმწიფო პროგრამის მონაწილე კოოპერატივს, რომლის მეპაიეთა 50%-ს დევნილები ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შეადგენენ, პროგრამის ფარგლებში მოთხოვნილი ინვენტარი თანადაფინანსებით, ღირებულების 20%-ად გადაეცემა.

"მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ მონაწილე კოოპერატივს უფლება აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში უსასყიდლოდ შესამოწმებლად წარადგინონ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში. პროგრამაში ჩართული კოოპერატივები თაფლის ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი მოთხოვნების დანერგვის ხელშეწყობისთვის, ტექნიკურ დახმარებასაც მიიღებენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მეფუტკრეობის ხელშეწყობის პროგრამა 2015 წლის ბოლოს დაიწყო.