Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ოფშორული ზონებიდან საქართველოში შემოსული ინვესტიციები

5716403ada992
BM.GE
19.04.16 18:25
1217
IDFI ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების შესახებ კვლევას აქვეყნებს. ინფორმაციის თავისუფლებს განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირის საქმიანობა საქართველოშიც დაშვებულია და წინააღმდეგობაში არ მოდის კანონმდებლობასთან. „მიუხედავად ამისა, ასეთი კომპანიების საქმიანობა ცალსახა რისკებს შეიცავს: როგორც ირკვევა, საქართველოში არაერთი შემთხვევაა, როდესაც ქონების, მათ შორის სახელმწიფო ქონებისა და სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტების (მაგ. ენერგეტიკა, წიაღისეულის მოპოვება) მფლობელი კომპანიები ოფშორულ ზონებშია რეგისტრირებული და მათზე ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია”, - განმარტავენ IDFI-ში.
 
მათივე ინფორმაციით, ცნობილია შემთხვევები, როდესაც ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით საზოგადოებისთვის უცნობი ფინანსური ჯგუფები ან პირები ფლობდნენ და ფლობენ მედია საშუალებებსაც. მაგალითად, 2011 წელს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე ოფშორულ ზონაში იყვნენ რეგისტრირებული ტელეკომპანია “რუსთავი 2”–ისა და ტელეკომპანია “მზის” მფლობელები. ასევე დღემდე ოფშორშია რეგისტრირებული შპს ყოველკვირეულ საინფორმაციო-ანალიტიკურ ჟურნალ ტაბულას 51% წილის მფლობელი კომპანია UCG Green Power-ი, რომელიც თავის მხრივ პანამაში რეგისტრირებულ Rylf Management-ს ეკუთვნის.

"მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პოლიტიკური დაძაბულობისა, რუსეთის მოქალაქეები ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით აკონტროლებენ არაერთ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტს საქართველოს ეკონომიკაში. სახელმწიფოს არ აქვს არანაირი ბერკეტი ოფშორულ ზონებში განხორციელებულ გარიგებებზე ზემოქმედებისა.

ოფშორული კომპანიები თავად ხელისუფლების წარმომადგენლებმაც შეიძლება გამოიყენონ ფულის გათეთრების, კორუფციის ან ბიზნეს სუბიექტებზე უკანონო ზეწოლის განსახორციელებლად.

პანამის დოკუმენტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არაკეთილსინდისიერი ბიზნეს ჯგუფები ოფშორულ კომპანიებს იყენებენ იმისთვის, რომ დამალონ შემოსავალი და თავიდან აირიდონ გადასახადების გადახდა, რითაც ზიანი ადგება სახელმწიფო ბიუჯეტს", - ვკითხულობთ IDFI-ის კვლევაში.

"როგორც სტატისტიკის სამსახურის მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, წლების განმავლობაში ოფშორული ზონებიდან საქართველოში, მილიონობით დოლარის ინვესტიცია ხორციელდებოდა.

2003-2015 წლებში, ოფშორებიდან საქართველოში შემოსული ყველაზე დიდი თანხა დაფიქსირდა 2007 წელს, 371 109 900 დოლარი, თუმცა 2013-2015 წლებში მოხდა ოფშორებში საქართველოდან ინვესტიციების გადინება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი უარყოფითი ბალანსი.

2003-2015 წლებში ოფშორული ზონებიდან საქართველოში, ჯამურად ყველაზე დიდი ინვესტიცია შემოვიდა დიდი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან, მეორე ადგილზე კვიპროსი, მესამეზე კი პანამაა.

აღნიშნულ პერიოდში ინვესტიციების მთლიან მოცულობაში ოფშორებიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 10%-ს წარმოადგენს“, - ვკითხულობთ IDFI-ს ინფორმაციაში.

ინფორმაციის თავისუფლებს განვითარების ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას გამოიძიოს ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით სახელმწიფო ქონების არამიზნობრივი განკარგვის, კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის, ფულის გათეთრებისა და გადასახადების გადახდისგან თავის არიდების შემთხვევები, ისევე როგორც მაღალი თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივ დეკლარაციებში ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტები. ასევე საქართველოს პარლამენტს - დაეყრდნოს ევროპარლამენტის პრაქტიკას და შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების გავლენას საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე.