Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ნოდარ ხადურმა კობა გვენეტაძესთან ორსაათიანი შეხვედრა გუშინ გამართა

570760f86b2ac
თელარა გელანტია
08.04.16 11:35
973
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში კობა გვენეტაძესთან პირველი ორსაათიანი შეხვედრა გუშინ გამართა.
 
"ბიზნესკონტაქტის" კითხვას - "უსაუბრია თუ არა ოდესმე ორი საათი ეროვნული ბანკის ექს-პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან", ნოდარ ხადურმა პირდაპირი პასუხი არ გასცა: "კობა გვენეტაძესთან ვისაუბრე ორი საათის განმავლობაში. ვისაუბრეთ ეკონომიკაზე, ფინანსებზე, ბიუჯეტზე, ბიუჯეტის დეფიციტზე და კიდევ სხვადასხვა თემაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო დავაჩქაროთ ქვეყანაში და მაკროეკონომიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაახლა მის ხელთ არსებული ინფორმაცია თუ რას აკეთებს ფინანსთა სამინისტრო. ჩვენ ძალიან კარგი კომუნიკაცია გვქონდა ადრეც. მე მინდა გითხრათ, რომ ონლაინ-რეჟიმში ვთანამშრომლობდით და ვთანამშრომლობთ სებ-თან. ეს სხვაგვარად წარმოუდგენელიც არის. ჩემი მოადგილეები სებ-თან მუდმივ კომუნიკაციაში იყვნენ, არიან და ასე გააგრძელებენ. შევთანხმდით, რომ სისტემატიური შეხვედრები გვექნება იმ ფორმატში, რომელიც გვქონდა".
 
"ბიზნესკონტაქტის" კითხვაზე - იქნება თუ არა უფრო კოორდინირებული მუშაობა სებ-სა და ფინანსთა სამინისტროს შორის, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ სებ-ს და ფინანსთა სამინისტროს საკუთარი მანდატი და საქმიანობა აქვთ.

"ეროვნული ბანკი არის მონეტარულ პოლიტიკასა და ინფლაციაზე პასუხისმგებელი ორგანო. ჩვენ ვართ ფისკალურ პოლიტიკაზე, ბიუჯეტზე, ბიუჯეტის დაგეგმვასა და აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო. თავისთავად ცხადია, რომ მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკას შორის უნდა იყოს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია. თუმცა კდიევ ერთხელ ვიმეორებ - ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შორის არ იქნება აზრთა გაცვლა- გამოცვლა და ერთმანეთისთვის რაღაც რეკომენდაციების გაწევა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი მთავრობის მრჩეველია", - აღნიშნა ხადურმა.