Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ნიკა ქურდიანი: "ბანკი რესპუბლიკა" ახლა უფრო დიდია, ვიდრე ის შეძენამდე იყო

58fc935eeae1c
BM.GE
23.04.17 15:43
986
"თიბისი ბანკისა” და “ბანკი რესპუბლიკას" გაერთიანების პროცესი დასასრულს უახლოვდება. ’’ბანკი რესპუბლიკას" ბარათების ჩანაცვლება "თიბისი ბანკის“ ბარათებით მიმდინარეობს. ამის შემდეგ უკვე მომხმარებელი ’’ბანკი რესპუბლიკას“ ბარათების ნაცვლად "თიბისი ბანკის“ ბარათების მოხმარებას განაგრძობს, - თემის დეტალებით გადაცემაში "საქმის კურსი“ "თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქურდიანი საუბრობს.

- ბატონო ნიკოლოზ, საბოლოოდ აღნიშნული პროცესი როდის დასრულდება და რა ტექნიკური საკითხები უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა?

- ვგეგმავთ, რომ პროცესი 6 მაისისთვის დავასრულოთ, შეიძლება 2 დღე გადაწევა მოხდეს, თუმცა ვფიქრობთ, რომ 6 მაისია ის თარიღი, როდესაც ეს ორი ბანკი საბოლოოდ შეერწყმება ერთმანეთს.

- ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის ინფორმირების კუთხით თუ ჩატარდა კამპანია?

- არის პროდუქტები, რომლებიც ყველაზე მეტად გავრცელებულია. ასეთია სახელფასო, საკრედიტო ბარათები, სესხები და დეპოზიტები. ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ის არის, რომ ჩვენმა კლიენტებმა 6 მაისის შემდეგ აღიქვან ის, რომ უკვე "თიბისი ბანკი“ იქნება და შესაბამისად "რესპუბლიკა ბანკის" ძველი ბარათები ახლით ჩანაცვლდება. ჩვენ უკვე ახალ ბარათებს ვბეჭდავთ, რომელიც უფასოდ ურიგდებათ კლიენტებს და ბევრი უკვე დარიგებულიც არის. ამის შესახებ კლიენტს შეტყობინება მიუვა. თუ მოხდა ისე, რომ იგი შეტყობინებას ვერ მიიღებს, მაშინ ის ამ ორი ბანკის ნებისმიერ ფილიალში მივა და ქოლ-ცენტრში დარეკავს და მიიღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას. არაფერი, მათ შორის, ტარიფებიც არ იცვლება, ყველაფერი იგივე რჩება. დეპოზიტების სესხების შემთხვევაში ვადის გასვლის მომენტამდე ყველანაირი პირობა შენარჩუნებულია.

- სასესხო ანაბრები, "რესპუბლიკა ბანკიდან" "თიბისი ბანკში“ გადმოვიდა, ამ მიმართულებით რა მდგომარეობაა, რამე ხომ არ შეცვლილა?

- ზოგადად ასეთ პროცესებში, როდესაც ერთი ბანკი მეორეს ერწყმება, იმ ბანკს, რომელსაც ყიდულობენ პორტფელი უმცირდება. ხშირად კლიენტების რაღაც რაოდენობა იკარგება. ჩვენ შემთხვევაში საინტერესო ის მოხდა, რომ საცალო ბიზნესში, ანუ ფიზიკური პირების მომსახურებაში პორტფელმა წლის ბოლოს მილიარდ ლარს გადააჭარბა, პირიქით გაიზარდა და დღევანდელი მონაცემებით, ’’ბანკი რესპუბლიკა“ ახლა უფრო დიდია, ვიდრე ის შეძენამდე იყო. ეს კი ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რომ პროცესი კარგად განვითარდა. ჩვენ კარგი მაგალითი გვქონდა "კონსტანტა ბანკის“ შემთხვევაში და შესაბამისად გამოცდილება დაგვეხმარა. ბანკის კლიენტების რაოდენობა დღეს უფრო დიდია, ვიდრე მანამდე იყო, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. ’’სოსიეტე ჟენერალს“ რაც შეეხება, EBRD-ის წილი ჩვენ გამოვისყიდეთ, ანუ რესპუბლიკა ბანკის წილის 100%-იანი მფლობელები ჩვენ ვართ და "სოსიეტე ჟენერალი“ არის "თიბისი ბანკის“ აქციების მფლობელი.