Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მთავრობა ბიზნესში ადამიანის უფლებების კუთხით სამოქმედო გეგმას ამზადებს

58f4bc8a13d68
დავით ჯალაღონია
17.04.17 17:00
1247
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახურმა პარლამენტში განსახილველად ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) შესრულების შუალედური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში მოცემულია ინფორმაცია 2016 წლის განმავლობაში, სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. მრავალ მიმართულებას შორის ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა თემას – „ბიზნესი და ადამიანის უფლებები“.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახურმა „ბიზნესი და ადამიანის უფლებების“ შესახებ 2017-2018 წლებისთვის ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა უნდა მოამზადოს, რისთვისაც შესაბამისი კვლევის ჩატარება იქნება საჭირო. ამ მიზნით კი მთავრობის ადმინისტრაციის აღნიშნულ სამსახურში საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა.

ავტორების ინფორმაციით, ჯგუფის შემადგენლობაში სამდივნოს წარმომადგენლებთან ერთად შედიან საქართველოს სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.

„2017 წლის თებერვლის თვეში განისაზღვრა ყველა შესაბამის უწყებაში უფლებამოსილი პირი ვინც ჩართული იქნება კვლევის ჩატარებაში, კერძოდ შემდეგი უწყებებიდან: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და ბიზნეს ომბუცმენის აპარატი.

უწყებებიდან განსაზღვრული უფლებამოსილი პირებისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ, სახალხო დამცველის ოფისსა და არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან ერთად ჩაატარა ტრეინინგი ბიზნესისა და ადამიანის უფლებების თემაზე. ტრენინგის ჩასატარებლად მოწვეული იყვნენ დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ექსპერტები. ტრეინინგის ჩატარება მხარდაჭერილი იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის მიერ.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკოორდინაციო ჯგუფის წევრებმა სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ექსპერტებთან, რაც მიზნად ისახავდა საბაზისო კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიასა და კონცეფციაზე შეთანხმებას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ თემაზე – „ბიზნესი და ადამიანის უფლებები“ სამოქმედო გეგმის შემუშავების მოტივაციაზე მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახურს ინფორმაცია წარმოდგენილ შუალედურ ანგარიშში მითითებული არ აქვს.