Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებ, ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობიან

592bc9a50155e
BM.GE
29.05.17 11:07
833
ევროკავშირი საქართველოს დახმარებას ბევრი სხვადასხვა მიმართულეით უწევს. მხოლოდ European Neighbourhood and Partnership Instrument-ის პროგრამის ფარგლებში, 2007-2013 წლებში საქართველომ 452 მილიონი ევროს დახმარება მიიღო. Caucasus Research Resource Center Georgia-ს ინფორმაციით, კვლევის მიხედვით, რომელიც 2015 წელს ჩატარდა, გაირკვა, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განხორციელებული დახმარებების შესახებ, უფრო მეტად ემხრობიან საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში.

კითხვაზე, "ხვალ რომ რეფერენდუმი ტარდებოდეს, დაუჭერდით თუ არა მხარს საქართველოს კავშირში გაერთიანებას?", 75% ადამიანებისა, რომელსაც აქვს ინფორმაცია ევროკავშირის დახმარებების შესახებ, დადებითად პასუხობს, 8% კი უარყოფითად.

ამავე კითხვაზე დადებითად პასუხობს იმ ადამიანების 44%, რომლებსაც არ აქვთ ინფორმაცია ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებ, 17% კი ევროკავშირში გაერთიანების წინააღმდეგია.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით 13% ფიქრობს, რომ ევროკავშირი საქართველოს არცერთი მიმართულებით არ ეხმარება. 31% კი ვერ სცემს პასუხს კითხვას: "თქვენი აზრით, რომელი ძირითადი მიმართულებებით ეხმარება ევროკავშირი საქართველოს?". ამასთან, გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ ევროკავშირი საქართველოს ძირითადად ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის და ეკონომიკაში ინვესტიციებს დებს. 13%-ს მიაჩნია, რომ დახმარება სოციალური პრობლემების გადასაჭრელად ხორციელდება, 12% ფიქრობს, რომ ევროკავშირის დახმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ემსახურება.

რაც შეეხება სარგებელს ევროკავშირის დახმარებებისგან. გამოკითხულთა დიდი ნაწილი - 36% - მიიჩნევს, რომ სარგებელს ყველაზე მეტად პოლიტიკოსები და მაღალი რანგის ჩინოვნიკები იღებენ, 18%-18% ფიქრობს, რომ სარგებელი ამ დახმარებებისგან მოსახლეობას და ბიზნესს აქვს, ხოლო 16%-ს მიაჩნია, რომ ევროკავშირის დახმარებებით ყველაზე დიდ სარგებელს არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ. 9%-ის აზრით, დახმარებით სარგებლობენ უმუშევრები და სტუდენტები საქართველოში; 7%-7% ფიქრობს, რომ საქართველოში მომუშავე კვალიფიციური კადრები და მაღალი თანამდებობის პირები ევროკავშირში. მხოლოდ 5%-ის აზრია, რომ სარგებელს პენსიონერები იღებენ.